მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრმა საწოლფონდის და საწოლების დაყოვნების სტატისტიკაზე ისაუბრა

5fbcd59e0a075
ვიქტორია მღებრიშვილი
24.11.20 14:00
595
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპისთვის 7 363 საწოლია მობილიზებული. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საწოლფონდი ყველაზე მტკივნეული და კრიტიკული საკითხია. ამ ეტაპისთვის მობილიზებული გვაქვს 7 363 საწოლი, საიდანაც კოვიდისთვის აქტიურად 5 952-ია გამოყენებული და 5 741 პაციენტია განთავსებული. გუშინ 24 საათის განმავლობაში კლინიკებში მკურნალობა დაასრულა 817-მა პაციენტმა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრი ირწმუნება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო საწოლფონდის მობილიზებაზე აქტიურად მუშაობს, თუმცა მნიშვნელოვანია, პრევენციის ზომები მოქალაქეებმაც დაიცვან.

„შეგახსენებთ, რომ მაშინ, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ დააფიქსირა, რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ქუჩაში გამართულ აქციებს, ჩვენ დროულად მოვახდინეთ დამატებითი საწოლფონდის მობილიზება და თუ ოქტომბერში გვქონდა 3 300 საწოლი, დღეისთვის 7 000 საწოლი გვაქვს, რითაც ვცდილობთ ვმართოთ ნაკადები. ასევე, ვზრუნავთ სასტუმრო სექტორში საწოლების მობილიზებაზე, სადაც ჩართული გვაქვს სამედიცინო მეთვალყურეობა, არა მხოლოდ ექიმების და ექთნების ჯგუფის სახით, არამედ სასტუმროებს ჰყავთ თავისი კურატორი კლინიკები, სადაც პაციენტები განსაზღვრულ დროს გადიან შესაბამის კლინიკურ კვლევებს, რის შედეგადაც ენიშნებათ მკურნალობა. ასევე, იქ არის საშუალება, რომ პაციენტებმა საჭიროების შემთხვევაში მიიღონ სტაბილიზაციის კომპონენტები, რაშიც ჟანგბადის კონცენტრატორებით მათთვის ჟანგბადის მიწოდებას ვგულისხმობ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, უწყება მუდმივ კავშირშია ჰოსპიტლებთან. ასევე, მინისტრმა საწოლების დაყოვნების სტატისტიკაზეც ისაუბრა.  

„ოქტომბერში საწოლფონდზე საშუალო დაყოვნება 8.52 დღე გვქონდა, ინტენსიურ საწოლზე - 10.25 დღე. სამინისტროს აქტიური ჩართულობით, სადაც ჩართულია ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ეროვნული ჯგუფი, კლინიცისტები და რეგულირების სააგენტო, ახლა დაყოვნება თერაპიულ საწოლზე 5.72 დღეა, ხოლო კრიტიკულ საწოლზე 8.59 დღე გვაქვს, რაც ხელმისაწვდომობას იმ პაციენტებისთვის, ვისაც ჰოსპიტალში მკურნალობა ესაჭიროება უფრო მისაღებს ხდის. ჩვენ ყოველდღიურ ჭრილში ვუყურებთ რომელ საწოლზე რა დატვირთვაა და ამის მიხედვით ვანაწილებთ და ვაუმჯობესებთ საწოლფონდს“, - განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ.