მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაში გერმანიას ედრება

60f1411915eda
შოთა ტყეშელაშვილი
16.07.21 14:00
1810
საქართველოს მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რეფორმირებას და მის გაფართოებას გეგმავს - შესაბამის ცვლილებას ჯანდაცვის 10-წლიანი სტრატეგია ითვალისწინებს. საგულისხმოა ფაქტი, რომ ამ დოკუმენტში ჯანდაცვის სამინისტრომ მისი გეგმა არც მეტი, არც ნაკლები - გერმანიის საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას შეადარა და მიანიშნა, რომ უწყება განიხილავს ბევრად უფრო ფართო დაფარვის ჯანდაცვის პროგრამები დააფინანსოს.

ამ ცვლილების განხორციელებას მთავრობა ახალი სოციალური კოდექსით გეგმავს, რომლითაც ქვეყანამ “დასავლეთ ევროპულის” მსგავსი დაფარვის ჯანდაცვის სისტემა უნდა მიიღოს.

ჯერჯერობით უცნობია როდის წარადგენს მთავრობა ამ კანონპროექტს და რამდენი მილიარდი ლარი დაუჯდებათ გადასახადის გადამხდელებს ახალი პროგრამის დაფინანსება.

“სოციალური კოდექსით გათვალისწინებული სადაზღვევო რეფორმა ითვალისწინებს სოლიდარობის პრინცპიზე დამყარებული მოდელის ევროპულ გამოცდილებას, რომელიც საქართველოში დღეს არსებულ სისტემასთან შედარებით, მოსახლეობის მნიშვნელოვნად მეტ საჭიროებას ფარავს,”- ნათქვამია პრეზენტაციაში, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ წარადგინა.

პრეზენტაციაში გერმანიაზე საუბრისას, როგორც ჩანს, ჯანდაცვის სამინისტროს მხედველობიდან გამორჩა ფაქტი, რომ საქართველო ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა და გერმანიის მშპ ერთ მოსახლეზე ($45,700) საქართველოს მშპ-ს ერთ მოსახლეზე ($4,272) ზუსტად 10.7-ჯერ აღემატება.

ახალი სოციალური კოდექსით მთავრობა ჯანდაცვის პროგრამების გარდა, სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების გაფართოებასაც გეგმავს, მათ შორის საუბარია "უმუშევრობის დაზღვევის" სისტემის შემოღებაზეც. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური კოდექსის მიღება 2023 წლისთვის განიხილება
 
თავის მხრივ, გასათვალისწინებელია თავად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებაც. ბოლო 6 წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის ფაქტობრივი ხარჯები მის დაფინანსებას ყოველწლიურად აღემატებოდა. მაგალითად, 2020 წელს პროგრამის დადგენილი ბიუჯეტი 802 მილიონი ლარი იყო, თუმცა ფაქტობრივმა ხარჯვამ ამაზე 146 მილიონი ლარით მეტი შეადგინა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფაქტობრივი მოთხოვნის სწორად პროგნოზირება უჭირს. შესაბამისად არსებობს რისკი, რომ გაფართოებული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაც იმაზე უფრო ძვირი დაჯდეს, ვიდრე ამას მთავრობა ვარაუდობს.