მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო: 2019 წელს საყოველთაო ჯანდაცვაზე 825 მილიონამდე ლარი დაიხარჯა

5e395bfc25f17
თამუნა ქემერტელიძე, შოთა ტყეშელაშვილი
04.02.20 21:00
1475
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის საკასო ხარჯმა 824 892 575 ლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით, საყოველთაო ჯანდაცვა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული პროგრამაა. 

ამასთანავე, სამინისტრო BMG-ისთვის გამოგზავნილ დოკუმენტში წერს, რომ სახელმწიფოს ამ პროგრამის ფარგლებში კლინიკების მიმართ ვადაგადაცილებული დავალიანება არ ერიცხება. 

სამინისტროს განცხადებით, კლინიკების მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაზე ინსპექტირების ვადა 60 სამუშაო დღით განისაზღვრება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია ხარვეზიანია კლინიკები ხელახლა წარადგენენ დოკუმენტაციას, რომლის განხილვის ვადაც ასევე 60 სამუშაო დღით არის განსაზღვრული. 

“თქვენი განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების ფარგლებში, სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების მიერ 2019 წელს სააგენტოში წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის ინსპექტირებისა და ანგარიშგების პროცედურები მიმდინარეობს უწყვეტად.

მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულების ინსპექტირების ვადა, ამავე დადგენილების დანართი N1, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანხმად, განისაზღვრება 60 სამუშაო დღით. ამავე დადგენილების მე-15 მუხლის, მე-4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად:

"ხარვეზით წარმოდგენილი შემთხვევები მიმწოდებელს ელექტრონულად ეგზავნება მთლიან შესრულებასთან ერთად ხარვეზის აღმოსაფხვრელად და საჭიროების შემთხვევაში, ნაბეჭდი სახით დოკუმენტაციის განმეორებით წარსადგენად მიმწოდებელს ეძლევა 5 სამუშაო დღე. დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, შემთხვევები განიხილება, როგორც ანაზღაურებას დაქვემდებრებული, ხოლო მითითებულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობისას, შემთხვევა არ ანაზღაურდება". ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი 5 სამუშაო დღის შემდეგ, მიმწოდებელი ახლიდან წარმოადგენს შესრულებულ სამუშაოს და ხდება სამედიცინო დოკუმენტაციის განხილვა (განხილვის ვადა 60 კალენდარული დღე). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თითოეული შესრულებული სამუშაოს განხილვის ვადა ინდივიდუალურია.

ამავე დადგენილების თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილება ანაზღაურების შესახებ მიიღება დოკუმენტაციის ინსპექტირებისას. შესაბამისად, პროგრამულად მოთხოვნილი თანხა შესაძლებელია დაკორექტირდეს სრულად, ან ნაწილობრივ.

დამატებით გაცნობებთ, რომ 2019 წელს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის საკასო ხარჯმა შეადგინა 824 892 575 ლარი. კლინიკების მიმართ ანგარიშგების ვადაგადაცილება არ ფიქსირდება,”- ნათქვამია სამინისტროს მიერ გამოგზავნილ დოკუმენტში.