მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გაცემა დაიწყო

5ffe8fe127809
თელარა გელანტია
13.01.21 10:23
1152
ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, დასავლური სტანდარტის გულის აპარატების, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გაცემა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საქმე იმაშია, რომ 520-ე დადგენილებით, რომელიც ძალაში 2019 წლის ნოემბერში შევიდა, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია, რომელიც უტარდებათ უეცარი კარდიული სიკვდილის მაღალი რისკის მქონე პაციენტებს, სამინისტრომ შეაფასა 12,000-დან 17,000 ლარამდე, რასაც კლინიკების პროტესტი მოჰყვა. ისინი ირწუნებოდნენ, რომ ამ ტარიფებით მუშაობა წარმოუდგენელი იყო, რადგან მხოლოდ დეფიბრილატორის შეძენა 5.500-7 000 დოლარი უჯდებოდათ. 2020 წლის ბოლოს კი, ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმად, სახელმწიფო 2.6 მლნ ლარის ღირებულების 224 კერდიოვერტერ-დეფიბრილატორს თავად შეისყიდის და კლინიკებს უსასყიდლოდ გადასცემს.

„აპარატის გადაცემის პროცედურა მარტივია და პაციენტის უშუალო ჩართულობას არ საჭიროებს: ექიმი, შესაბამისი ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში კონკრეტულ პაციენტზე ელექტრონულ განაცხადს აკეთებს, რომელსაც სააგენტო აკმაყოფილებს და სამედიცინო დაწესებულებისთვის დეფიბრილატორის დანიშნულების ადგილზე უფასო მიწოდებას უზრუნველყოფს.

რთული არითმიების დროს, უეცარი სიკვდილისგან თავდაცვის ეფექტური საშუალება, იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი - ესაა „ჩაშენებული რეანიმატოლოგი“, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში სიცოცხლის გადარჩენის პროცედურას ავტომატურ რეჟიმში ახორციელებს. თუ ხელსაწყო გულის რითმულობის უმნიშვნელო დარღვევას აღმოაჩენს, ის იწყებს უმტკივნეულო ელექტრული იმპულსების გენერირებას. საჭიროებისამებრ, „ჭკვიანი აპარატი“ უფრო მძლავრ რეჟიმზეც გადადის და გულის ჯანსაღ რითმს აღადგენს.

აპარატის სატენდერო მახასიათებლები „არითმოლოგთა ასოციაციასთან“ ერთად განისაზღვრა. შედეგად, დღეს სააგენტო უზრუნველყოფილია აშშ-ის ერთ-ერთი ავტორიტეტული კომპანიის მიერ წარმოებული, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში აპრობირებული დეფიბრილატორებით, რომლებიც სპეციალისტების დადებითი შეფასებით სარგებლობენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აპარატების რაოდენობა ბოლო წლების სტატისტიკაზე დაყრდნობით განისაზღვრა. ერთი წლის მარაგი უკვე სააგენტოს საცავებშია და ის, საჭიროებისამებრ, სისტემატურად შეივსება.

„მოქალაქეებს კლინიკებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის შესაბამისად, მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების თანაგადახდა მოუწევთ, რომლის ოდენობა, სოციალური სტატუსის მიხედვით, 0-დან 20 პროცენტამდე განისაზღვრება. აღნიშნული შეღავათით მთავრობის N165-ე და N218-ე დადგენილებებით გათვალისიწინებული პირები სარგებლობენ“, - წერია რელიზში.