მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო ბიზნესს 40-საათიანი მუშაობის რეჟიმზე ადაპტირებისთვის 3 თვეს აძლევს

63dcd4dfa3a7d
ვიქტორია მღებრიშვილი
03.02.23 14:22
906
ჯანდაცვის სამინისტრო იმ დარგებს, რომლებიც 26 დეკემბრიდან სპეციფიური სამუშაოების ჩამონათვალში აღარ არიან და კვირაში 40-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადაწყობა უწევთ, ადაპტაციისთვის სამთვიან პერიოდს აძლევს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიებში ინსპექტირება არ განხორციელდება, თუ შესაბამისი მიმართვიანობა არ იქნება.

„იმ დამსაქმებლებს, რომლებიც წინა სპეციფიური დარგების ჩამონათვალში იყვნენ და დღეს არ არიან, იმისთვის რომ ახალ გარემოსა და რეალობაში ადაპტირდნენ მათ გარკვეული ტიპის დახმარება, მათ შორის კონსულტაცია სჭირდებათ. ჩვენი თვითმიზანი დამსაქმებლის შევიწროვება არ არის, თუმცა აქვე ჩვენი მიზანი დასაქმებულის უფლებების დაცვაა, აქედან გამომდინარე ჩვენ მზად ვართ პირველი სამი თვის განმავლობაში როგორც შრომის ინსპექციამ და სამინისტრომ კონსულტაციები გაუწიოს დამსაქმებელს და მხარი დაუჭიროს, რომ მათ ჰქონდეს შესაძლებლობა სამუშაო რეჟიმი საჭიროების შემთხვევაში 40-საათიან სამუშაო კვირაზე გადაალაგონ, რათა თითოეული დასაქმებულის შრომის უფლება იყოს დაცული.

კონსულტაციები პირველი 3 თვის განმავლობაში ჩატარდება და ე.წ. პროაქტიულ ინსპექტირებებს არ გავაკეთებთ ბუნებრივია თუ არ დავინახავთ რომ შესაბამისი მომართვიანობა არის და დასაქმებულების უფლებები ირღვევა, გადავადებაზე მსჯელობა ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, თუმცა შრომის რეფორმა არის პროცესი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება ბიზნესის მოთხოვნას აღნიშნული დადგენილების 1 წლით გადავადების შესახებ, თამარ ბარკალაია ამბობს, რომ 1 წლით გადავადება არ იგეგმება, თუმცა შრომის ბაზრის სრულყოფა ეტაპობრივად მიმდინარეობს და ეს სამუსაო პროცესის ნაწილია.