მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო დარგის "გესტაპო" ხდება - კახა ოქრიაშვილი

5ef30084cfcbc
ინგა მურუსიძე
24.06.20 11:55
1148
"შემოთავაზებული კანონპროექტით გამოდის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დარგის გესტაპო ხდება", - ასე აფასებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილ კანონპროექტს.

საქმე იმაშია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში მოქმედი კლინიკებისთვის სანქციების გამკაცრებას გეგმავს, ამას უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, ხოლო სამედიცინო გადაცდომებში დავების და სანქციების განხილვის პროცესში სასამართლო ზედამხედველობის მოდელი ნაწილობრივ შეიცვლება და ამ პროცესში სამინისტროს ფუნქციები გაიზრდება. მათ შორის სანქციები მკაცრდება კლინიკების მიერ დოკუმენტების გაყალბების შემთხვევებზეც.

"შემოთავაზებული კანონპროექტით გამოდის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არის დარგის გესტაპო. დღეს არსებული წესით, სამინისტრომ 72 საათის განმავლობაში უნდა აიღოს სასამართლოს ნებართვა, შევიდეს კლინიკაში და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დალუქოს ის. თქვენ გინდათ, რომ სამინისტრო პირდაპირ შევიდეს საავადმყოფოში და დალუქოს. შეუძლებელი იქნება დალუქული საავადმყოფო რამდენიმე დღეში ამოქმედდეს, ამიტომ ეს იქნება სადამსჯელო ღონისძიება. გარდა ამისა, დღესდღეობით დაფინანსების დეფიციტია და შესაძლოა, გაჩნდეს მოტივაცია - შევიდეთ, დავლუქოთ, დავაჯარიმოთ და ფულის გადახდა არ დაგვჭირდება. გამოდის, რომ დიდი უსამართლობის წინაშე ვდგავართ", - მიმართა გაბუნიას ოქრიაშვილმა.

დეპუტატმა სამინისტრო კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისთვისაც გააკრიტიკა და ბიზნესის დამუხრუჭების მცდელობაში დაადანაშაულა.

ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დარგის სპეციალისტებთან შეხვედრას თავს არიდებს, რაც მისი თქმით, ძალიან ცუდია და კანონპროექტის მიღებამდე ასოციაციებთან, ასევე კლინიკებთან შეხვედრები უნდა გაიმართოს, რომ კანონპროექტზე შეთანხმება მოხდეს.