მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯანდაცვის სამინისტრო კაბალური ტარიფით მუშაობას გვთავაზობს... დარგი ალბათ დაიხურება" - GEHRA

5dde2cca53df7
თელარა გელანტია
27.11.19 11:56
1492
„ჯანდაცვის სამინისტრო, ჯერჯერობით, მხოლოდ იმას გვთავაზობს, რომ კაბალურად იმუშავეთ ამ ტარიფითო“, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტმა კახა ეცადაშვილმა დღეს დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის ინიციატივით, ექიმებთან და კლინიკების მენეჯერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციამდე გააკეთა და დასძინა, რომ მათი მოთხოვნა უცვლელია - სასწრაფოდ შეჩერდეს მთავრობის 520-ე დადგენილება, რომლითაც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება მოხდა.

„ჩვენი დარგისთვის მოწოდებული, დადგენილი ფასები ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე - თვითღირებულება იმ აგრეგატების, რომელიც ჩვენ უნდა ჩავაყენოთ, რითაც პაციენტებს სიცოცხლის გახანგრძლივებაში ვეხმარებით. ესაა შეუსაბამო. აქ საუბარი არაა კლინიკების მოგებაზე ან ექიმების ხელფასებზე, აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვერ ჩავუყენებთ იმ აპარატებს და როდესაც ასეთ, შედარებით მარტივად დასათვლელ პოზიციებზე არის ამდენი შეუსაბამობა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საერთოდ როგორ იქნა გამოყვანილი ხარჯები და განფასებები ისეთ დარგებში, როგორიც მაგალითად კარდიოქირურგიაა ან სარქვლების ოპერაცია ინტერვენციული კარდიოქიურგია“, - ამბობს ეცადაშვილი.

მისი თქმით, 21 ნოემბრიდან ანუ იმ დღიდან, როცა 520-ე დადგენილება ამოქმედდა,  კლინიკა წაგებაზე მუშაობს.

„კლინიკა, ჯერჯერობით, მუშაობს წაგებაზე; როცა პაციენტს სჭირდება სამედიცინო დახმარება, ჩვენ არ გვაქვს უფლება, უარი ვუთხრათ, მაგრამ ეს ვერ გაგრძელდება უსასრულოდ. ყველა რესურსი ამოწურვადია, მათ შორის კლინიკის რესურსი და საბოლოოდ, ჩვენი დარგი ალბათ დაიხურება. ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა, რომ სასწრაფოდ შეჩერდეს ეს დადგენილება. ასევე, განემატოს მოსახლეობას, რომ ჩვენი პროტესტი ჩვენი მოგების და ჯიბის გასქელების გამო არაა გამოწვეული, არამედ ესაა მოსახლეობისთვის ხარისხიანი ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებისთვის წარმოქმნილი პროტესტი. დავსხდეთ, განვიხილოთ დარგობრივ ასოციაციებთან, ექიმებთან, ეკონომიკის ექსპერტებთან ერთად ეს თემა და შევიმუშაოთ ახალი ტარიფები“, - აცხადებს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტი.

მისივე აზრით, ზოგადად, ტარიფიკაცია რომ შესაცვლელი იყო, ამაზე დიდი ხანია, თავადაც საუბრობენ და მიზეზი ისაა, რომ 520-ე დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი ტარიფი 2013 წელს იყო დადგენილი.

„ეს ტარიფები შესაცვლელია თუნდაც იმიტომ, რომ ტარიფი, რომელიც აქამდე იყო, გამოყვანილია 2013 წელს, როდესაც დოლარის კურსი ძალიან დაბალი იყო დღევანდელთან შედარებით და შესაბამისად, დღეს გვიწევს ოპერირება ისეთი ტარიფებით, რომელიც იყო 2013 წელს. საქართველო კი, მოგეხსენებათ, ვერ აწარმოებს იმ აპარატურას, იმ მოწყობილებას, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ესაა 100%-ით იმპორტირბული პროდუქცია და ჩვენ გვიწევს სწორედ უცხოურ ვალუტაში ამის შეძენა და ვერ ვეტევით იმ ფასში, რაცაა დადგენილი, მითუმეტეს - ახლა“, - აღნიშნა ეცადაშვილმა და დასძინა, რომ გულის რიტმის ასოციაციამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კიდევ ერთ ღია წერილით მიმართა.

„უკვე მივმართეთ პრემიერს ღია წერილით, რადგან აქ საუბარი არაა მხოლოდ თანხების შემცირებაზე. აქ საუბარია დარგის მოსპობაზე. არ შემეშინდება თქმა - დარგის განადგურებაზე. პაციენტებს სერვისებს ვეღარ მივაწვდით, ამიტომ ვითხოვთ, სასწრაფოდ შეჩერდეს 520-ე დადგენილების მოქმედება და შეიქმნას კომისია, სამუშაო ჯგუფი“, - აღნიშნა მან.