მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტის სამედიცინო ელექტრონული ბარათის შექმნას აანონსებს

5db6accc6b421
ლიკა გურაბანიძე
28.10.19 12:58
1446
ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტის სამედიცინო ელექტრონული ბარათის შექმნას აანონსებს, - ამის შესახებ დღეს მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების პრეზენტაციაზე განაცხადა და ტექნოლოგიურ სიახლეებზე საუბრისას აღნიშნა, რომ პაციენტის სამედიცინო ელექტრონულ ბარათზე ადამიანის სრული სამედიცინო ისტორია შეინახება.

„აღნიშნული ბარათის წაკითხვა ყველა სამედიცინო დაწესებულებასა და აფთიაქში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ელექტრონული სამედიცინო ბარათი იქნება არასაჭირო სამედიცინო კვლევების და მედიკამენტების დანიშვნის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ბარათის საშუალებით მოქალაქეს შესაძლებლობა  ექნება ინფორმაცია მიიღოს მისი სადაზღვევო სტატუსის პაკეტის და დაფინანსების შესახებ. ჩვენ ამავდროულად ვიზრუნებთ, ბარათზე არსებული ინფორმაციის უსაფრთხოებასა და დაცულობაზე", - განაცხადა ტიკარაძემ.  

პრეზენტაციაზე მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია, გაძლიერდეს პრევენციული სერვისები, გაიზარდოს ოჯახისა და სოფლის ექიმის როლი და დატვირთვა, ასევე ქვეყანაში ოჯახის ექიმთან ვიზიტის და გეგმიური სამედიცინო შემოწმების კულტურა განვითარდეს.

„უკვე დეტალურად გადაიხედა და გაიწერა პირველადი ჯანდაცვის რგოლში მისაწოდებელი მომსახურების მოცულობა და ჩამონათვალი. ასევე მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის საკითხები. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე ამბულატორიის მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, 2024 წლისთვის ქვეყანაში  თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვილი 831 ამბულატორია გვექნება", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.