16.მაისი .2022 14:18

ჯანდაცვის სამინისტრო სოცდახმარების მისაღებად ქულების დათვლის განახლებულ ფორმულაზე მუშაობს

ჯანდაცვის სამინისტრო სოცდახმარების მისაღებად ქულების დათვლის განახლებულ ფორმულაზე მუშაობს
views 8326
უკან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო სარეიტინგო ქულების გამოთვლის წესში ცვლილებაზე მუშაობს.

როგორ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე გამოსვლისას ბარკალაიამ თქვა, ქულათა გამოთვლის ახალ წესზე მუშაობა, სავარაუდოდ, წლის ბოლოს დასრულდება. ასე უპასუხა მინისტრის მოადგილემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბეჟან წაქაძის კითხვას, რომელიც დაინტერესდა, განმარტებას აძლევს თუ არა სამინისტრო მოქალაქეებს, რატომ ვერ მიიღეს მათ სოციალურად დაუცველის სტატუსისთვის საჭირო ქულა.

“ჩვენთვის ცნობილია ის გამოწვევები, რაც ქულათა მინიჭების სისტემას მოჰყვება. არსებობს წინასწარ განსაზღვრული მოწყვლადობის კრიტერიუმები. კონკრეტულ კრიტერიმებზეც ინფორმაციის შეტანის შემთხვევაში სტატისტიკური ფორმულის გამოყენებით ქულა გენერირდება. ამაში არც სოციალურ აგენტს არ აქვს ჩარევის შესაძლებლობა და არც სხვა თანამშრომელს. ეს ქულათა სისტემა ერთი მხრივ კარგია იმისთვის, რომ სოციალურ აგენტს ან სხვა თანამშრომელს შესაძლებლობა არ აქვს სუბიექტურად გადაწყვიტოს ვის დაეხმაროს და ვის - არა, ასევე აქვს გამოწვევა და პრობლემა როგორც ნებისმიერ სტატისტიკურ ფორმულას, რადგან ის ყველა სახის მოწყვლადობას ვერ დაინახავს.

ვიცით, რომ ეს გამოწვევა არსებობს. ამიტომ, შარშან მსოფლიო ბანკთან ერთად მუშაობა დავიწყეთ, რათა მოწყვლადობის კოეფიციენტები შეიცვალოს და მოწყვლადობის თანამედროვე ეკონომიკური კოეფიციენტებით ჩანაცვლდეს, რომელიც დამიზნების ხარისხს გააუმჯობესებს. ჩვენი ფორმულა რომ გასაუმჯობესებელია, ამას ვხედავთ და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს განახლებულ ფორმულაზე მუშაობა დასრულებული გვექნება”,-აცხადებს ბარკალაია.