მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტროდან დაგვირეკეს და დაერტყა ბეჭედი 200 000 ლარის გადმორიცხვაზე - "ჰელსიკორი"

5e05e0cf885b0
ვიქტორია მღებრიშვილი
28.12.19 15:30
5066
ჯანდაცვის სამინისტროში ჩემ მიერ განხორციელებული ზარიდან, დაახლოებით, ნახევარი საათის შემდეგ დაგვირეკეს, დაგვიბარეს და დაერტყა ბეჭედი 200 000 ლარის დავალიანების გადმორიცხვაზე,- ამის შესახებ კლინიკა „ჰელსიკორის“ დირექტორმა რუსუდან ლაგვილავამ tv "პირველის" ეთერში გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ 26 დეკემბერს „ჰელსიკორმა“ ჯანდაცვის სამინისტროში დარეკა და უწყებას მათთან მყოფი პაციენტების სახელმწიფო საავადმყოფოებში გადაყვანა სთხოვა. მიზეზი სამინისტროს მხრიდან 3.8 მლნ ლარის დავალიანებაა, რის გამოც კლინიკის ცნობით, პაციენტების საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფას ვერ ახორციელებენ.

„ჯანდაცვის სამინისტროში ჩემ მიერ განხორციელებული ზარიდან, დაახლოებით, ნახევარი საათის შემდეგ დაგვირეკეს, დაგვიბარეს და დაერტყა ბეჭედი 200 000 ლარის გადმორიცხვაზე. ეს არის ივნისის თვის შესრულება და ველოდებით, რომ ეს თანხა მაინც გადმოირიცხება და ნაწილობრივ მაინც გავცემთ ხელფასებს. დაახლოებით, 3.8 მლნ ლარიდან ვადადამდგარი არის 1.5 მლნ ლარი, რომელიც კარგა ხნის წინ უნდა ყოფილიყო ჩარიცხული. ივნისის თვეს ვიღებთ ახლა. ადრე რიცხავდნენ 4 თვეში, ახლა გადაიწია 6 თვეზე, რამაც არამარტო ჩვენს კლინიკას, არამედ ნებისმიერ კლინიკას ვინც ანალოგიურ სიტუაციაშია ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნა სახარჯი მასალების შესყიდვასთან დაკავშირებით, ხელფასებთან დაკავშირებით და ფაქტობრივად, პარალიზებულია კლინიკების უმეტესობა საქართველოში“, - განაცხადა რუსუდან ლაგვილავამ.