მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯანდაცვის სამინისტრომ ყური არ ათხოვა ჩვენს თხოვნას“ - კლინიკები ახალი რეგულაციის გადავადებას ითხოვენ

5fa25ec5daa68
ელენე გოგბერაშვილი
04.11.20 21:49
1621
2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობებში რეგულაციების ახალი პაკეტი (საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის №149 და 2019 წლის 16 აგვისტოს №394 დადგენილებები). შესაბამისი ნორმატიული აქტით განისაზღვრა ახალი პირობები, რომელიც ავალდებულებს სტაციონარული ტიპის დაწესებულებებს ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს თავიანთი ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური მხარე თუ ადამიანური რესურსები.

კლინიკები ამბობენ, რომ ჰოსპიტალური სექტორისთვის პანდემიის პირობებში ახალი ფინანსური ვალდებულების აღება რთული იქნება, ამიტომ მიმართავენ მთავრობას 2021 წლიდან ასამოქმედებელი ცვლილებები 2022 წლის 1 იანვრამდე გადავადდეს.

კლინიკებმა ამ მოთხოვნით პრემიერს და ჯანდაცვის მინისტრს ერთხელ უკვე მიმართეს, თუმცა როგორც bm.ge-თან „თბილისის გულის ცენტრის“ გენერალური დირექტორი ამბობს, მათ მოთხოვნას ჯანდაცვის სამინისტრომ ყური არ ათხოვა და დღესაც ამ საკითხზე დარგთან არანაირი კომუნიკაცია არ არის.

„1 იანვრიდან შემოდის ახალი რეგულაციები, რომელიც ძირითადად ეხება კარდიოლოგიას, კარდიოქირურგიას, რეანიმაციას, რაც დიდ ინვესტიციებს საჭიროებს ჩვენი მხრიდან და იმ პირობებში, როცა პანდემიის მეორე ტალღა გვაქვს და ისედაც რთულ მდგომარეობაში არიან კლინიკები, ახალი ფინანსური ვალდებულებების აღება ძალიან რთული იქნება.

რამდენჯერმე მივმართეთ პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, რომ რეგულაცია ერთი წლით მაინც გადავადებულიყო, რომ დარგს ამოსუნთქვის საშუალება მისცემოდა, მაგრამ სამწუხაროდ ჯანდაცვის სამინისტრომ ცალსახად უარი განაცხადა და ყური არც ათხოვა ჩვენს თხოვნას, არანაირი კომუნიკაცია არ ხდება, არანაირი კითხვა, რამე ხომ არ გიჭირთ, არ ისმება, ანუ მიტოვებული ვართ ამ კოვიდთან ბრძოლაშიც და ამ რეგულაციასთან მორგებაშიც“-აცხადებს არჩილ ჩუხრუკიძე.

მისივე თქმით, რეგულაციის შესაბამისად ჰოსპიტალურ სექტორს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება უწევს, რაც პანდემიის პირობებში საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილებაა.

„რეგულაციის მიხედვით საოპერაციოს მოთხოვნები გაიზარდა, მედპერსონალის მოთხოვნები გაიზარდა, ქირურგიასთან დაკავშირებული მოთხოვნები გაიზარდა, ახალი კომპიუტერული ტომოგრაფიის არსებობის რეგულაცია შეიცვალა, რაც თავიდან არ იყო, რაც დამატებით ინვესტიციას საჭიროებს. ეს ცუდი არ არის, რეგულაცია კარგია, მაგრამ ამ პანდემიის პირობებში დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება საშიშია. თქვენ იცით რა სიტუაციაშია ტურიზმის სექტორი და ჯანდაცვის სფეროს, რომელიც პანდემიის წინა ხაზზეა, ცოტა მეტი მხარდაჭერა სჭირდება“,-აცხადებს ჩუხრუკიძე.

კლინიკების მხრიდან რეგულაციის გადავადების მოთხოვნას რამდენიმე თვის წინ ჯანდაცვის მინისტრმა უსაფუძვლო უწოდა. შეცვალა თუ არა ტიკარაძის უწყებამ პოზიცია, ჯერ უცნობია. პასუხს სამინისტროდან bm.ge ელოდება და მას მიღებისთანავე გავავრცელებთ.