მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტროში მედიკამენტების ფასების რეგულირების მექანიზმზე მორიგი შეხვედრა გაიმართა

6343e9b8b55ea
ინგა მურუსიძე
10.10.22 13:44
457
საქართველოს მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი შეხვედრა გაიმართა.

საქმე ის არის, რომ სამინისტრო წამლის ფასის რეგულირების მიზნით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმზე მუშაობს, რომელიც რეფერენტული ქვეყნების სიის განსაზღვრას, მედიკამენტების ფასებზე ინფორმაციის შეგროვებასა და მაქსიმალური ზღვრული ფასების გამოთვლას ითვალისწინებს. შედეგად ჯანდაცვის სამინისტრო წამლებზე მაქსიმალურ ღირებულებას განსაზღვრავს, რომლის გათვალისწინებაც მედიკამენტების რეალიზაციისას სავალდებულო იქნება. რეფერენტული ფასები, პირველ ეტაპზე, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება.

სამუშაო პროცესში ჩართულები არიან დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, რათა მედიკამენტების ფასების რეგულირების ახალი მექანიზმის დიზაინი საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის სპეციფიკის და კონტექსტის გათვალისწინებით შემუშავდეს. აღნიშნული პროცესი, უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის ბრძანებით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმის დანერგვის მიზნით, სამინისტროში სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის ივლისში შეიქმნა. მომდევნო ეტაპზე, ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართება შეხვედრა და სამუშაო ჯგუფი, დაგეგმილ ცვლილებს მათთან ერთად განიხილავს.