მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯანდაცვის სექტორში ფასების მატება საყურადღებო და მნიშვნელოვანი სიგნალია“ - თამარ გაბუნია

6066e3445a432
ვიქტორია მღებრიშვილი
02.04.21 20:47
760
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სექტორში სამედიცინო პროდუქციაზე ფასების მატება საყურადღებო და მნიშვნელოვანი სიგნალია. 

მისი თქმით, გაძვირებული პროდუქციის ფასების სახელმწიფო პროგრამებში ასახვა ყოველთვის ხდებოდა და მთავრობა ამაზე დღესაც მუშაობს.

„რაც შეეხება აპარატურაზე და პირადი დაცვის საშუალებებზე ფასების მატებას, ჯანდაცვის სექტორმა ეს პრობლემაც მოიტანა ჩვენამდე და მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, სადაც არ ხდება ფაქტიური ხარჯით ანაზღაურება. კოვიდის პროგრამის ფარგლებში ანაზღაურება აქტიური ხარჯით ხდება და პროგრამა ანაზღაურებს იმ ხარჯით რა ფასნამატიცაა, დანარჩენ შემთხვევაში ტარიფიკაცია არის ის პროცესი, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ, ამას გარკვეული დრო დასჭირდება.

ეს ძალიან საყურადღებო და გარკვეულწილად მნიშვნელოვანი სიგნალია ჩვენთვის, რადგან ეფექტურობის გაუმჯობესების გარეშე გაგვიჭირდება. ფასების მატება მუდმივი პროცესია და პროგრამებში ამის პასუხად გარკვეული ცვლილებები ყოველთვის მიმდინარეობდა. ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და არ უნდა დავუშვათ, რომ ხელმისაწვდომობა გააუარესოს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ მედიკამენტებზე ფასების მატება საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს, რადგან მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს დონეზე ეს საკითხი არ მოგვარდება.

„ფასების ნამატი ჩვენთვის ყველაზე თვალსაჩინო იყო ფარმაცევტულ პროდუქციაზე, რაც თავისთავად პრობლემურია. ჩვენ მოგვიხდა ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამაში ფასების რევიზია და მომატება იმისთვის, რომ ხელმისაწვდომობის პრობლემა არ შექმნილიყო“, - თქვა გაბუნიამ.