მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის უწყება 2023 წლიდან რეფერენტული ფასის შემოღებას აპირებს, მიზანი წამლების გაიაფებაა

62e10909d0e74
მარიამ იზორია
27.07.22 14:30
960
ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების გაიაფებისთვის ახალ რეფორმაზე მუშაობს. საუბარია რეფერენტული ფასების დადგენაზე, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ზედა ზღვარს დააწესებს თუ რა ფასად უნდა მოხდეს მედიკამენტების გაყიდვა ან მათი იმპორტი. ფასები კი სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე, კონკრეტული ფორმულით უნდა დადგინდეს.

რეფერენტული ფასები ძირითადად იმ მედიკამენტებზე გავრცელდება, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. ესენია: ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარტები.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელი ნანა შაშიაშვილი BM.GE-სთან განმარტავს, რომ აღნიშნული რეგულაცია მომხმარებელს დანახარჯს მკვეთრად შეუმცირებს; რაც შეეხება ვადებს, მისი ინფორმაციით, მთავრობა რეფერენტულ ფასებს 2023 წლის დასაწყისიდან შემოიღებს.

„რეფერენტული ფასების შემოღებით სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება და შემცირდება ხარჯი, რასაც სახელმწიფო და მომხმარებელი გადაიხდის. ეს სისტემა ევროკავშირის წევრ და არაწევრ ქვეყნებშია დანერგილი და მათ მნიშვნელოვანი თანხა დაზოგეს. მაგალითად, თურქეთში რეფერენტული ფასების შემოღებიდან მესამე წელს, თურქეთმა $1 მილიარდი დაზოგა.

ქვეყნების ნაწილი რეფერენტულ ქვეყნად სამ-ოთხ ქვეყანას ირჩევს. არჩევანი რამდენიმე მაჩვენებელზეა დამოკიდებული, მათ შორის, ტერიტორიულ სიახლოვეზე, სოციალ-ეკონომიკურ ფონზე. იმ ქვეყანაში, რომელსაც ჩვენ რეფერენტულ ქვეყნად ავირჩევთ, ფასები დაბალი უნდა იყოს. ამ დროისთვის მოლაპარაკება რამდენიმე ქვეყანასთან გვაქვს.

საწყისად, ვფიქრობთ, რომ რეფერენტული ფასი იმ სამკურნალო საშუალებებზე უნდა გავრცელდეს, რომლებიც ქრონიკული და ონკოლოგიური პაციენტებისთვის გამოიყენება. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილი გვაქვს ეს ჩამონათვალი განვავრცოთ“, - აღნიშნავს ნანა შაშიაშვილი.