მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის უწყება ე.წ. COVID-კლინიკებს მილიონობით ლარს ედავება - რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე?

641be0bd069a8
თელარა გელანტია
23.03.23 09:13
1571
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის შეფასებით, საქართველოს ექიმებმა და კლინიკებმა covid-პანდემიის პერიოდში თავიანთი მაქსიმუმი გააკეთეს. ეკატერინე ტიკარაძისთვის covid-ის მართვაში ჩართულ კლინიკებთან ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი მენეჯმენტის პრეტენზიები გაუგებარია.

საქმე ის არის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო COVID-ის მართვაში ჩართულ კლინიკებს მილიონობით ლარს ედავება. საქმეების დიდი ნაწილი უკვე სასამართლოშია.

უწყების ხელმძღვანელი პირების მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებების თანახმად, იყო შემთხვევები, როცა კორონავირუსთან ბრძოლისას ექთნებისა და ექიმებისათვის განკუთვნილი დანამატი ბენეფიციარებს არ ეძლეოდათ, რამდენიმე კლინიკაში კი, სამინისტრომ დაადგინა, რომ დირექტორი და მისი მოადგილეები ექიმებისა თუ ექთნების დანამატებისა და სახელმწიფოს ხარჯზე თავად იზრდიდნენ ხელფასებს. ასევე, კლინიკებში არ სრულდებოდა პაციენტების მიღებისა და გაწერის მკაცრი კრიტერიუმები და პაციენტების რაოდენობის ზრდა ხელოვნურად ხდებოდა და ა.შ.

“სახელმწიფომ covid-კლინიკებს 1 მლრდ ლარი გადაუხადა“ - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, როდესაც უწყებამ covid-კლინიკების ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში დაბრუნება გადაწყვიტა, რასაც მოკლე ვადის გამო, სამედიცინო სექტორის კრიტიკა მოჰყვა.

ზურაბ აზარაშვილისგან განსხვავებით, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რომლის პერიოდშიც დაიწყო covid-პანდემია, აცხადებს, რომ covid-კლინიკების დაფინანსების მოდელი „ქართული ნოუჰაუ“ არ იყო და ის იყო საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც იმ მომენტისთვის არსებობდა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დასაფასებელია პანდემიის პერიოდში კლინიკების და ექიმების მუშაობა და ის, როგორც რიგითი მოქალაქე, მადლიერია სამედიცინო სექტორის.

„ყველაფერი თანხმდებოდა მთავრობის უწყებათაშორის საბჭოზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა და საბჭოს ყველა წევრს გააჩნდა თანაბარი ხმის მიცემის უფლება.

მახსოვს, მაშინ ყველა როგორ იყო მეტი საწოლის მობილიზების მომხრე და არც კი განიხილებოდა ნაკლების მობილიზება. ყველა ექსპერტი დაადასტურებს, რომ ის, რაც ჯანდაცვის სექტორის მხრიდან კეთდებოდა, იყო სწორი - ჩვენ ვმუშაობდით ერთ გუნდად - გვქონდა დიალოგი და ვიღებდით ოპტიმალურ და მოქალაქეებისთვის საჭირო და შეძლებისდაგვარად საუკეთესო გადაწყვეტილებებს.

რაც შეეხება ტარიფებს, რომლითაც covid-კლინიკების დაფინანსება ხდებოდა, ის დათვლილი იყო ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობით და ასევე გავლილი გვქონდა კონსულტაციები როგორც ბიზნესთან, ვგულისხმობ კლინიკებს, ასევე საერთაშორისო ექსპერტებთან.

სარესტორნო ბიზნესს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ კლინიკა არაა კაფე. ჰოსპიტალს აქვს სხვა რისკები და საწოლფონდის მობილიზების თუ დემობილიზაციისთვის გარკვეული ვადები სჭირდება. მთელი პანდემიის მანძილზე, მობილიზებული საწოლფონდის გარკვეული ნაწილი თუნდაც ცარიელი რომ ყოფილიყო, ამისთვის გაღებული ხარჯი გამართლებულია და ეს ყველა მინისტრის თუ მთავრობის პასუხისმგებლობაა - ვგულისხმობ covid-პედიატრიულ საწოლს, covid-სამეანო საწოლს, covid-ფსიქიატრიულ საწოლს... ჯანდაცვა მრავალი დეტალისგან შედგება და მოითხოვს, არამხოლოდ მენეჯმენტის ზოგად ცოდნას, არამედ - პროფესიულ ცოდნასაც“, - თქვან ყოფილმა მინისტრმა BMG-სთან.