მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბრობს

5dcecd28cd278
თათია ჩაფიჩაძე
15.11.19 20:21
2049
სამედიცინო სერვისის მომწოდებელი ობიექტების გაზრდილი რაოდენობისა და მათი პოლიტიკის გათვალისწინებით, ბაზარზე გარკვეული წესრიგის დამყარება აუცილებელია, თუმცა სახელმწიფოს ეს მცდელობა, პროფესიონალებთან კომუნიკაციით და ახალ მიდგომებზე გადასასვლელად გონივრული ვადების მიცემით უნდა მოხდეს, - ეს შეფასება BMG-ის გადაცემა „ანალიტიკას“ ეთერში ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ანდრია ურუშაძემ გააკეთა.

„პირველი პრობლემა ის არის, რომ ეკონომიკა ვერ ვითარდება ისე სწრაფად, როგორც ხარჯები ჯანდაცვის სექტორში. ეს მოითხოვს პოლიტიკის და ვალდებულებების გადახედვას, რაც აქვს სახელმწიფოს და მჭიდრო კომუნიკაციას სერვისის მიმწოდებლებთან. მეორე პრობლემა არის ის, რომ ყველა ეს ცვლილება უნდა იყოს განსაზღვრადი, უნდა იყოს დადგეგმილი ის პერიოდი, რა პერიოდშიც ხდება ამ ფასების პირობების გადახედვა იმისათვის, რომ ბიზნესში მონაწილე ადამიანებმა მოახერხონ ადაპტაცია და ასევე მესამე მნიშვნელოვანი თემა ეხება იმას, თუ რა როლი უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერში სახელმწიფოს, მათ შორის ფასების წარმოქმნაში ანდა კლინიკური სტანდარტების დადგენაში. ჩემი აზრით, ეს პროფესიონალების თემაა, არ შეიძლება აქ ბიუროკრატია იყოს დომინანტი. ყოველთვის ისეთი ტიპის თანამშრომლობაა აუცილებელი, როდესაც კლინიცისტები თანხმდებდიან კლინკურ სტანდარტზე და მერე ხდება მისი განფასება, ჩემი აზრით, კომუნიკაციის ნაკლებობაა ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ამ წერილის დაწერა გამოიწვია.

ეს იყო მოსალოდნელი იმ ფონზე, როცა სურვილები აღემატება შესაძლებლობებს, როცა ეკონომიკა ისე ვერ იზრდება, როგორც ჯანდაცვას სჭირდება. ასევე, ბუნებრივია, ეს გამოიწვია კერძო სექტორის წილმა მოწოდების ბაზარზე. მათი რაოდენობა, მათი დამოკიდებულება პაციენტის მიმართ, ფასწარმოქმნის მიმართ, ამან ბევრი კითხვა გააჩინა სამინისტროშიც და მე მესმის მათიც, რომ ცდილობენ გარკვეული წესრიგის დაამყარებას, თუმცა, რამდენად კვალიფიციურად ახერხებს ამას ისე, რომ არ დაზიანდეს პაციენტი, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ის, რომ ამის საჭიროება არსებობს, ამაზე არ ვდაობთ,“ - განაცხადა ანდრია ურუშაძემ.

„ანალიტიკას“ ეთერში საუბრისას ურუშაძემ ქვეყნიდან კვალიფიციური კადრების გადინების პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაბალი შემოსავლების პირობებში ხარისხის მკვეთრი დაცემა მოსალოდნელია.

"პირველი ტენდენცია ეს არის მზარდი ხარჯები ჯანდაცვაზე, რომელიც თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საერთო ეროვნული დოვლათიდან ძალიან ბევრს ვხარჯავთ. სახელმწიფო ხარჯი 3%-მდეა, რაც არ არის გულუხვი, მაგრამ მეორე მხარეა ის ეკონომიკური გარემო, რომელზეც აქცენტი იყო გაკეთებული და პირველ რიგში, ლარის გაუფასურება, რომლის შედეგადაც ბევრი სამედიცინო მასალა, იგივე მედიკამენტები, იმპლანტები გაძვირდა. სწორედ დოლარზე ან ევროზეა მიბმული ფასი და ეს ყველაფერი განსაზღვრავს მომსახურების ჯამურ ფასს. ასევე, საუბარია კვალიფიციური პერსონალის შენარჩუნებაზე და მითუფრო მათ შემოყვანაზე, მათი გადინება ბუნებრივია დაბალი შემოსავლების პირობებში, ამიტომაც მათი შენარჩუნება სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის", - მიიჩნევს ურუშაძე.

შეგახსენებთ, Bm.ge-მ ის წერილი მოიპოვა, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებებმა პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს მიმართეს.

კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვაში შესატანი ცვლილებების 6 თვით გადავადებას ითხოვენ. მათი შეფასებით, პროგრამამ ამოქმედების დაწყების დღიდან არაერთი ცვლილება განიცადა, თუმცა იმ კლინიკებისთვის, რომლებიც პროგრამაში 2013 წელს ჩაერთნენ, სამედიცინო მომსახურების ფასების "ისტორიული მინიმუმის" ცნება 36-ე დადგენილების მიხედვით უცვლელი დარჩა და ისინი 2011-2012 წლის ფასებით მუშაობენ.