მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჟანგბადის ქარხნების მოწყობა $3 მლნ დაჯდებოდა” - არის თუ არა ქვეყანაში სამედიცინო ჟანგბადის დეფიციტი?

613f71e4f3ddf
ანუკა ჯოხაძე
13.09.21 20:30
945
სამედიცინო ჟანგბადზე მოთხოვნა კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე საგრძნობლად გაზრდილია, შესაბამისად, ქვეყანაში არსებული წარმოებით პაციენტების დაკმაყოფილება ვერ ხერხდება, ამიტომ ჯანდაცვის მინისტრი ჟანგბადის რაციონალურად მოხმარების საჭიროებაზე საუბრობს.

რიგ საავადმყოფოებში სამედიცინო ჟანგბადის მცირე ქარხნები მოწყობილია, მაგრამ ჟანგბადი საკმარისი მაინც არ არის და დანაკლისი იმპორტით ივსება.

როგორც გენეტიკის ლაბორატორიის დამფუძნებელი გიორგი ჩალაძე ამბობს, ქვეყანას ეს მიმართულება უფრო მეტად უნდა გაეძლიერებინა, რომ ჟანგბადის პრობლემა არ შექმნილიყო. ჟანგბადის მცირე ქარხნების მოწყობა ჩალაძის განმარტებით, ქვეყანას 3 მილიონი დოლარი დაუჯდებოდა.

“3 მილიონ დოლარში ჩავეტეოდით იმისათვის, რომ სრულიად აგვეთვისებინა საჭიროება და რისკი არ დამდგარიყო. პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ნათელი გახდა, რომ ჟანგბადის 4-ჯერ მეტი რაოდენობა გვჭირდებოდა. ჭკვიანმა ქვეყნებმა, მათ შორის ჩვენი ქვეყნის განვითარების დონის სახელმწიფოებმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და აფრიკულმა ქვეყნებმა ჭკუა იხმარეს. მათ ჟანგბადის ქარხნები იყიდეს. ამას ერთი ქარხნის შემთხვევაში 150 000 დოლარი სჭირდებოდა, რომელსაც მწარმოებელს გადაუხდი და მას 30 დღეში ჩამოაქვს სერტიფიცირებული ჟანგბადის ქარხანა”, - აცხადებს გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ჟანგბადის იმპორტი წლის პირველ 6 თვეში გასულ წელთან შედარებით 1700%-ით გაიზარდა.

2020 წლის იანვარ ივლისში ქვეყანას 17 000 დოლარის ღირებულების ჟანგბადი დასჭირდა, 2021 წლის იგივე პერიოდში ქვეყანაში 307 600 დოლარის ჟანგბადი შემოვიტანეთ.

ის, თუ იმპორტირებული ჟანგბადის რა წილი დასჭირდა უშუალოდ სამედიცინო სფეროს, სტატისტიკიდან არ ირკვევა.

ამასთან, დღეს სახელწმიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჟანგბადის მწარმოებელ 13 გენერატორს შეისყიდის. უწყების ინფორმაციით, პროექტზე სამინისტრო 1.5 მილიონი ევროს, ანუ 5.5 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.