მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანმო ჯანდაცვის სისტემებს მავნე პროდუქტებზე გადასახადების დაწესებისკენ მოუწოდებს

60471e03bb83e
BM.GE
09.03.21 11:11
1218

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული “გლობალური არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის მსოფლიო გეგმა” გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური, ჭარბწონიანობით და ქრონიკული დაავადებების მიერ გამოწვეული ფატალური შედეგების 25%-ით შემცირებას ისახავს მიზნად.

ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, საჭიროა ისეთი მავნე პროდუქტების მოხმარების პრევენცია, რომლებიც არაგადამდები დაავადებების გამომწვევ მიზეზად სახელდება. ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნება შაქარი, ალკოჰოლი და თამბაქო.

“მავნე პროდუქტებზე ფასის 20%-ით ზრდა იწვევს ამ პროდუქტის მოხმარების პროპორციული წილით შემცირებას”, - წერია ჯანმოს წარმომადგენლის განცხადებაში.

თამბაქოს პროდუქტებზე გადასახადების დაწესება ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს. თუმცა, შაქარზე ფისკალური პოლიტიკის გატარება მხოლოდ ბოლო ათწლეულის განმავლობაში გახდა პოპულარული და დღეს 50 ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის არის: უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, საფრანგეთი, პორტუგალია, ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნები, საუდის არაბეთი, ტაილანდი და მალაიზია. 2021 წლის იანვრიდან კი გადასახადი პოლონეთშიც ამოქმედდა.

ჯანდაცვის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს მიდგომა საკმაოდ ეფექტიანია. 2017 წელს Public Health England-მა გამოაქვეყნა გეგმა, რომელიც 2018 წლისთვის შაქრის მოხმარების 5%-ით, 2020 წლისთვის კი - 20% შემცირებას ისახავდა მიზნად, თუმცა, დასახული მიზნის მიღწევა არც ისე მარტივი აღმოჩნდა, რადგან 2018 წლისთვის შაქრის მოხმარება მხოლოდ 2%-ით შემცირდა.

შაქარზე გადასახადების დაწესების გარდა, “გლობალური არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის მსოფლიო გეგმა” თამბაქოს პროდუქტებზე მკაცრი საგადასახადო სისტემის ამოქმედებას და ფასების გაზრდას ითვალისწინებს.

ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შედეგად სხვადასხვა ქვეყნაში თამბაქოს პროდუქტებზე გადასახადები მოქმედებს. ტრადიციულ სიგარეტებსა და თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებზე ერთნაირი შეზღუდვების დაწესებას ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი უარყოფითად აფასებს, რადგან მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი სახის თამბაქოს პროდუქტზე ერთნაირი გადასახადის დაწესება არაეფექტურია, რადგან მილიონობით ადამიანი ვერ ან არ ანებებს თავს მოწევას. ამიტომ საჭიროა, მთავრობამ ხელი შეუწყოს ზრდასრულ მწეველთათვის შემცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

ეკონომიკური კვლევის ნაციონალური ბიუროს განცხადებით, თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობები და ტრადიციული სიგარეტები ერთმანეთის ეკონომიკურ შემცვლელებს წარმოადგენენ, შესაბამისად, ერთ პროდუქტზე ფასის ზრდა იწვევს მეორე პროდუქტის მოხმარების ზრდას.

“თუ თამბაქოს ელექტრონულ მოწყობილობებზე ფასი 10%-ით გაიზრდება, მაშინ  შემცირებული რისკის მქონე პროდუქტების მოხმარება 26%-ით შემცირდება. ალტერნატიულ მოწყობილობებზე დაწესებული მაღალი გადასახადი 11%-ით ზრდის ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას”, - წერია ნაციონალური ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტების (MRTP) შესაძლო როლს თამბაქოს ზიანის შემცირების პოლიტიკაში აღიარებს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაც. FDA-ის განცხადებით, MRTP-ს აქვს შესაძლებლობა, დადებითი ზეგავლენა იქონიოს არა მხოლოდ ინდივიდებზე, არამედ საყოველთაო ჯანდაცვაზე. ადმინისტრაციის მიერ მინიჭებული მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს მოწყობილობების სტატუსით კი SNUS-ი და IQOS-ი სარგებლობს.

მოწევის ზიანის შემცირებისთვის  თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებს ეფექტიან ალტერნატივად არაერთი ევროპული სახელმწიფოც განიხილავს. მათ შორის ზოგიერთ მათგანში ჩვეულებრივი სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტებისთვის განსხვავებული სააქციზო პოლიტიკა მოქმედებს.

მაგალითად, პოლონეთში, ასევე ჩეხეთში ეს პროდუქტები აქციზისგან გათავისუფლებულია. საქართველოში კი ისინი სიგარეტის მსგავსად იბეგრება.

დიფერენცირებული დაბეგვრის პოზიტიურ ზეგავლენას სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი ამტკიცებს. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტებზე დაწესებული გადასახადის შედეგად შესაძლებელია ჯანდაცვის სისტემაში პოზიტიური ცვლილებების განხორციელება და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის შემცირება.