27.თებერვალი .2020 12:18

ჯანმრთელი ადამიანისთვის პირბადის დამაგრება რეკომენდებული არ არის - ჯანდაცვის სამინისტრო

views 2261
უკან

"ჯანმრთელი ადამიანისთვის პირბადის დამაგრება რეკომენდებული არ არის" - ამის შესახებ bm.ge-ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განუცხადა.

მისივე თქმით, კერძო სექტორს მითითება მიცემული აქვს პირბადეებთან დაკავშირებით, თუმცა მობილიზებულია ზოგადად, გლობალურად ბაზარი, რადგან მთელ მსოფლიოში შეიქმნა მაღალი მოთხოვნა და გადანაწილება ხდება გლობალურ ბაზარზე.

„სამინისტროს აქვს მარაგი და ფარმაცევტულ კომპანიებს ჩვენ არ ვეხმარებით; პირიქით, კერძო სექტორმა უნდა შემოიტანოს პირბადეების ის მარაგი, რომელიც შემოჰქონდა აქამდე. პირბადეების მარაგი ჩვენ გვაქვს იმდენი, რამდენიც დასჭირდება სამედიცინო პერსონალს, ჩვენს თანამშრომლებს და იმ ხალხს, რომელიც მუშაობს საბაჟოებზე.

კერძო სექტორს მითითება მიცემული აქვს პირბადეებთან დაკავშირებით, თუმცა მობილიზებულია ზოგადად, გლობალურად ბაზარი, რადგან მსოფლიოში პირბადეებზე შეიქმნა მაღალი მოთხოვნა და გადანაწილება ხდება გლობალურ ბაზარზე. პროცესებს მივყვებით, თუმცა მინდა ვთქვა, რომ პირბადის დამაგრება ჯანმრთელი ადამიანისთვის არ არის რეკომენდებული და არც იცავს არანაირი ინფექციისგან. ერთადერთი, ქირურგიული ნიღაბი, ვინც შეიძლება გამოიყენოს, ეს არის ადამიანი, ვისაც თვითონ აქვს რესპირაციული ჩვენებები, რათა ის გარეთ არ გამოიფრქვეს. ჯანმრთელმა ადამიანებმა რომ მასიურად პირბადის მოხმარება დაიწყოს, ამის რეკომენდაციას არც ერთი ქვეყანა არ იძლევა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, სწორედ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ ყველასთვის ნიღბის დამაგრება რეკომენდებული ღონისძიება არაა.

„რაც შეეხება შესყიდვას, ჯერჯერობით, ჩვენ გვაქვს იმისთვის, რაც გვჭირდება სპეციალიზებულად. რაც შეეხება ფარმაცევტულ კომპანიებს, აქ არის ერთი-ორი დღე იმისთვის, რომ გლობალურადაც არის გარკვეული ლოდინის პერიოდი, რაც გახანგრძლივდა შეკვეთების დასაკმაყოფილებლად. გარკვეულად მეტი დრო სჭირდება მომარაგებას, ვიდრე აქამდე იყო. უბრალოდ, მოქალაქემ უნდა იცოდეს ის, რომ ნიღაბი მიზნობრივად უნდა იქნას გამოყენებული და ამით მოთხოვნა უნდა დარეგულირდეს. იანვარში ჩვენ ვიყიდეთ პირბადეები, რაც ბაზარზე იყო,  რომ სპეციალიზებულად გვქონოდა მარაგი, ამიტომ ბაზარზე ნაკლებია და ვფიქრობ, ორი-სამი დღე იქნება საჭირო იმისთვის, რომ კერძო სექტორმა პირბადეების მობილიზება მოახერხოს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციის გავრცელებისთანავე მოქალაქეების უმრავლესობა აფთიაქებში პირბადეების საყიდლად მივიდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, აფთიაქების უმრავლესობას პირბადეების მარაგი არ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა