12.ივლისი .2022 19:55

„ჯაოკენმა“ ორი ფილიალი გახსნა, ინვესტიცია €9 მილიონია

„ჯაოკენმა“ ორი ფილიალი გახსნა, ინვესტიცია €9 მილიონია
views 1593
უკან

სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმი „ჯაოკენი“ გაფართოვდა. კომპანიამ 9 მლნ ევროს ინვესტიციით, მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში, თბილისსა და ბათუმში ორი შოურუმი გახსნა. ახალი შოურუმების გახსნის შედეგად კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ჯემალ ჯაოშვილი აღნიშნავს, რომ სამშენებლო მასალების მომხმარებლისთვის წარდგენის მიზნით, კომპანიამ გაფართოებისა და ახალი კონცეფციის შოურუმების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, პროექტზე მუშაობა 2019 წლიდან დაიწყეს და პანდემიის გამო წელს დაასრულეს.

„იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო ბაზარზე სარემონტო მასალების პრეზენტაციის ახალი გზები გაჩნდა, რომელიც მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქციის უფრო სწორად და მარტივად შერჩევის შესაძლებლობას გვაძლევს - ვეცადეთ თანამედროვე ტენდენციებს მაქსიმალურად მოვრგებოდით, რისთვისაც როგორც ლოკაციის, ასევე შოურუმის კონცეფციის შეცვლა დაგვჭირდა.

„ჯაოკენის“ ახალ შოურუმებში წარმოდგენილია ისეთი სახის პროდუქცია, რომელიც რემონტის ბოლო ფაზაში, ინტერიერისა თუ ექსტერიერის მოსაპირკეთებლად გამოიყენება - კერამიკული ფილები, პარკეტი, ლამინირებული იატაკი, შპალერი, ლაქ-საღებავები და აბაზანის ინვენტარი. ამასთან, „ჯაოკენის“ ტერიტორიაზე საწყობია განთავსებული, რომელიც გაცილებით მეტ ადგილს იკავებს, რაც მეტი კომფორტის შექმნაში გვეხმარება. მომხმარებელს პროდუქციის შეძენის შემდეგ, შენაძენის გატანა ამავე ლოკაციიდან შეუძლია.

ბათუმსა და თბილისში, ახალ ფილიალებში, ვფიქრობთ, ძველებთან შედარებით რეალიზაცია 30-50%-ით გაიზრდება“, - განმარტავს "ჯაოკენის" დირექტორი.



დღეს, „ჯაოკენი“ საქართველოს მასშტაბით თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, სენაკას და თელავში ჯამში 5 ფილიალს მართავს. კომპანიის სტრატეგიაში რეგიონის მასშტაბით განვითარება შედის, თუმცა არ აკონკრეტებენ როდიდან და - სად.

„ახალ შოურუმებში ჩადებული ინვესტიცია სამომავლოდ სხვა ქალაქებში შესვლაშიც დაგვეხმარება. ვფიქრობთ, ხარისხიანი პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

ამასთან, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ახალი კადრების მოზიდვას და 2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობის 250-მდე გაზრდას ვგეგმავთ“, - ამბობს ჯემალ ჯაოშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა