მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთმა საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტის კვოტა გაუზარდა - რა მოცულობის დენს ვყიდით?

6276a4bfba737
ელენე გოგბერაშვილი
07.05.22 22:40
4266
საქართველოს ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანის მეტი პერსპექტივა გაუჩნდა. თუ აქამდე ჭარბი გამომუშავების დროს გენერაციის შეზღუდვა იყო საჭირო, დღეს ფაქტობრივად ამის საჭიროება დღის წესრიგში აღარ დგას, რადგან იზრდება როგორც ადგილობრივი მოხმარება, ისე ექსპორტი, განსაკუთრებით თურქეთის ბაზარზე.

თურქეთის სისტემის ოპერატორთან მოლაპარაკებების შედეგად თურქეთში საქართველოდან ექსპორტისთვის დაშვებული ელექტროენერგიის მაისის თვის კვოტა, რომელიც 150 მეგავატს შეადგენდა, 75 მეგვატით გაიზარდა, შედეგად ქართული ენერგოკომპანიები ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას შეძლებენ. კვოტის გაზრდა ქმნის იმის წინაპირობასაც, რომ გენერაცია აღარ შეიზღუდოს და ენერგოკომპანიებმა ჭარბი წყალი აღარ დაღვარონ.

“თურქეთის ელექტროსისტემა ზოგადად ისეა მოწყობილი, რომ საბერძნეთზე არიან მიერთებულნი და ის პერიოდი, როცა ჩვენ ჭარბი დენი გვაქვს, მაშინ ტურისტული სეზონია საბერძნეთში და თურქეთი არის კარგი ლოკაცია, სადაც შეგვიძლია ჩვენი დენი გავიტანოთ,“-აცხადებს გიორგი მარგებაძე, მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი.

როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, პირველი კონცენტრაცია თურქეთის ბაზარზე იმიტომ მოდის, რომ იქ ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა მეზობელ ქვეყნებში.

გალტ ენდ თაგარტის უფროსი ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ მარტ-აპრილში თურქეთში ფასი 10-11 ცენტამდე არის ასული, სადაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ასეთი მაღალი ფასი არასდროს ყოფილა.

„თურქეთში მაღალი ფასი ელექტროენერგიაზე იმას ნიშნავს, რომ ქართული კომპანიები მაქსიმალურად შეეცდებიან ჭარბი დენის ექსპორტი თურქეთში განახორციელონ. აქ შემზღუდავი ფაქტორი იყო ხაზის გამტარუნარიანობა, რაც გაიზარდა და ყოველთვის შეიძლება გაიზარდოს.

გასული წლის მდგომარეობით, საქართველომ მეზობელ ქვეყნებში 391 მილიონი კილოვატსაათი ენერგია გაყიდა, აქედან ყველაზე დიდი წილი სწორედ თურქეთზე მოდის:

თურქეთი 220.5 მლნ კვტსთ.
აზერბაიჯანი 24.6 მლნ კვტსთ.
სომხეთი 145.8 მლნ კვტსთ.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მარტის მდგომარეობით არსებულ მაჩვენებლებს, ელექტროენერგიის ექსპორტი 2.6 მილიონი კილოვატსაათის მოცულობით, მხოლოდ თურქეთში განხორციელდა.


სამწუხაროდ, საქართველო ელექტროენერგიას ჭარბად მხოლოდ ზაფხულში გამოიმუშავებს და ძირითადად იმპორტზე ვართ დამოკიდებული. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, პირველ კვარტალში ქვეყანამ სულ 1.1 ტერავატ საათი ელექტროენერგია შეიძინა და ძირითადი მომწოდებელი რუსეთი იყო. თუმცა ისიც აღსანიშნია, რომ აღნიშნულ პერიოდში ადგილობრივი გენერაცია 38%-ით გაიზარდა, რის ფონზეც იმპორტი წინა წელთან შედარებით 24%-ით შემცირდა.