მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯარიმა უარყოფითი სტიმულია“ - აჩქარდა თუ არა მთავრობა კოვიდ-ამნისტიის გამოცხადებით?

60effbee1af2c
ინგა მურუსიძე
15.07.21 13:21
1063
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 245 ათასზე მეტ კანონდამრღვევ მოქალაქეს და 344 იურიდიულ პირს პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე დაწესებული ჯარიმები ჩამოეწერებათ. ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ თვეში გააჟღერა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ ამ გადაწყვეტილებით კოვიდ-რეგულაციების დარღვევას მისცა მოტივაცია.

Bm.ge-ს კითხვაზე, რეგულაციების დაცვის აღსრულებას შეუშლის თუ არა ხელს აღნიშნული ამნისტია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ უპასუხა, რომ „ჯარიმა უარყოფითი სტიმულია, რომელიც გარკვეული ქცევის ჩამოყალიბებისთვის გვჭირდებოდა, თუმცა ამ ჯარიმებს გარკვეული სოციალურ-ეკონომიკური ზეგავლენა ჰქონდა ისედაც პანდემიის პირობებში მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობისთვის“.

რაც შეეხება რეპლიკას, უმჯობესი იქნებოდა თუ არა, რომ ამნისტია პანდემიის დასრულების შემდეგ გამოცხადებულიყო, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს და ამ შემთხვევაში ეს ახსნა არის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

„რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია სანქციებიც, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია პოზიტიური სტიმული, თანამშრომლობა და პასუხისმგებლობის გაზიარებაც. რაც არ უნდა სანქცია დააწესოს სახელმწიფომ, 3 მლნ ადამიანის ქცევა ვერაფრით ვერ გაკონტროლდება. სიტუაცია არის განსაკუთრებით საკონტროლო, საგანგაშოც კი, ჩვენი ზომის ქვეყნისთვის. ვაქცინაციის პროგრამა დაწყებულია და ეს პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.