03.მაისი .2021 20:00

“ჯავშნები საერთოდ არ გვაქვს”- ტურისტული სექტორი სახმელეთო საზღვრების გახსნას ითხოვს

“ჯავშნები საერთოდ არ გვაქვს”- ტურისტული სექტორი სახმელეთო საზღვრების გახსნას ითხოვს
views 1066
უკან

ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული პირები აცხადებენ, რომ სახმელეთო საზღვრის გახსნის მიმართულებით ნაბიჯები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაიდგას, რადგან ქვეყანაში პირველი ტურისტები კი გამოჩნდნენ, მაგრამ ვიზიტორების დიდი წილი მოგზაურობაზე ჯერ მაინც უარს ამბობს. მათი თქმით, ესენი ის ტურისტები არიან, რომლებიც მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოში სახმელეთო გზებით შემოდიოდნენ.

როგორც „იბერია ტურს პლუსის“ დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი ამბობს, მის მმართველობაში მყოფ ერთ-ერთ სასტუმროში ანაკლიაში, ამ დროისთვის არცერთი ჯავშანი არ არის. მურაჩაშვილი მიზეზად სწორედ სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვას ასახელებს და აღნიშნავს, რომ პანდემიამდე ამ პერიოდისთვის ჯავშნები სრულად შევსებული იყო.

“ჩემს ერთ-ერთ სასტუმროში, ანაკლიაში, ძირითადად სტუმრები ჩამოდიოდნენ აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ამ პერიოდში ყოველთვის მქონდა წინასწარი ჯავშნები, რადგან, მათ იცოდნენ, რომ საზღვარზე უპრობლემოდ გადმოვიდოდნენ. ახლა ვინაიდან საზღვრები ჩაკეტილია, ისიც არ ვიცით, როდის გაიხსნება და არც პროტოკოლია ცნობილი, რითაც ისინი საზღვარს გადმოკვეთავენ ეს ადამიანები ჯავშნებს არ აკეთებენ. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე ჯავშანი საერთოდ არ მაქვს“-აცხადებს იბერია ტურს პლუსის დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი.

ცნობისთვის, საჰაერო მიმოსვლა ქვეყანაში 2021 წლის 1 თებერვლიდან ოფიციალურად აღდგა, თუმცა ამ დრომდე ჩაკეტილია სახმელეთო საზღვრები, რასაც კერძო სექტორი რამდენიმე თვეა აპროტესტებს.