მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჟენევის ავტოშოუ 2022 წლამდე აღარ გაიმართება

5efc79bb952e4
ნათია თაქთაქიშვილი
01.07.20 20:41
920
ჟენევის ავტოშოუს ორგანიზატორების განცხადებით, წლის მთავარი საავტომობილო ფორუმი არც მომავალ წელს გაიმართება. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, მომავალი წლის შოუს გაუქმების მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ მისი მონაწილეთა უმეტესობა, 2021 წლის შოუზე აქტივობას არ გეგმავს. ორგანიზატორთა მიერ ჩატარებული გამოკითხვისას, მათ განაცხადეს, რომ ჟენევას ალბათ 2022 წლიდან დაუბრუნდებიან.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ავტომობილების და საავტომობილო მაკომპლექტებელი ნაწილების მწარმოებლებს, პანდემიის შემდგომ, ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად, გარკვეული დრო დასჭირდებათ. გარდა ამისა, ისინი არ არიან დარწმუნებული იმაში, რომ 2021 წლის შოუს ასობით ათასი ადამიანი დაესწრება, როგორც წინა წლებში.

მომავალი წლის ფორუმის გაუქმების პარალელურად, ორგანიზატორებმა ასევე გამოაცხადეს, რომ ისინი ჟენევის მოტორ შოუს გაყიდვასაც გეგმავენ. მყიდველად „პალექსპო“ მოიაზრება, რომლის პავილიონებშიც ავტოშოუ იმართება ხოლმე.

ჟენევის შოუს ორგანიზატორთა მონაცემებით, წლევანდელი ფორუმის გაუქმების გამო, მათ დაახლოებით 11 მილიონი შვეიცარიული ფრანკი (დაახლოებით 10.2 მილიონი ევრო) იზარალეს. ამის გამო, ჟენევის კანტონს (მხარის მმართველ ერთეულს) ფინანსური დახმარებისთვის მიმართეს.

ორგანიზატორებმა 16.8 მილიონი ფრანკის სესხზე თანხმობა მიიღეს, თუმცა, ისეთი პირობებით, რომლებზე დათანხმებაც არ შეუძლიათ. ამ პირობათაგან ერთ-ერთი 2021 წლის შოუს გამართვას მოითხოვს.