მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯერ კიდევ დეკემბერში ვამბობდი, რომ სებ-ს რეფინანსირების განაკვეთის ზრდა მოუწევდა - კოვზანაძე

6051c9405a4ec
შოთა ტყეშელაშვილი
17.03.21 13:14
1364
"ჯერ კიდევ დეკემბერში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარლამენტში დამტკიცების დროს ვამბობდი, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს მოუწევდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება", - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სებ-ის გადაწყვეტილების კომენტირებისას.

მისი შეფასებით, არსებულ ვითარებაში ინფლაციაზე მზარდი დაწოლის შესამცირებლად რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ლოგიკური იყო. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არსებული ეკონომიკური კრიზისის პირობებში ფისკალური და მონეტარული ორგანოების კოორდინირებული მუშაობაა მნიშვნელოვანი. 

"ჩვენი ეკონომიკის მთავარ ენდოგენურ გამოწვევებად რჩება ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი, მაღალი სამთავრობო ვალი, მაღალი ინფლაცია და ლარის კურსი, ხოლო მთავარი ეგზოგენური გამოწვევა პანდემია და ნედლეულის საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდაა.

ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია ფისკალური და მონეტარული ორგანოების კოორდინირებული მუშაობა და დროული გადაწყვეტილებები," - აღნიშნავს ირაკლი კოვზანაძე. 

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც რეფინანსირების განაკვეთი 50 პუნქტით 8.5%-მდე გაიზარდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში საუაბარია იმ მიზეზების შესახებ, რომელთა გამოც მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდა. სებ-ი აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურებულ ნიშნულზე ხანგრძლივად შენარჩუნება მაღალი დოლარიზაციის პირობებში ქვეყანაში ინფლაციურ მოლოდინებზე დაწოლას ზრდის, რის შესამცირებლადაც რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა. ამას ემატება ისიც, რომ არაერთ სასაქონლო ჯგუფზე საერთაშორისო ფასები მზარდია, მათ შორისაა ნავთობის ფასებიც.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შედეგად იმ მსესხებლებს, რომელთა საპროცენტო განაკვეთიც რეფინანსირებაზე არის მიბმული, სესხის მომსახურება გაუძვირდებათ.