მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯერ ქართული“ - რას გულისხმობს გახარიას პარტიის ეკონომიკური ხედვის ერთ-ერთი პრინციპი

60c758ab298d1
თელარა გელანტია
14.06.21 17:23
1715
გიორგი გახარიას პარტიას - „საქართველოსთვის“ პროგრამის პრეზენტაცია ჯერ არ გაუმართავს, თუმცა პროგრამული ხედვების განხილვა პარტიის წევრებმა ბათუმში, პარტიის რეგიონული ოფისის გახსნის შემდგომ მოაწყვეს.

პარტია ერთ-ერთი წევრის გიორგი აბაშიშვილის თქმით, დიდი ნაწილი პროგრამაში ეთმობა ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა ის, რაც საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს - ეს არის უმუშევრობა და სიღარიბე”, - ამბობს აბაშიშვილი.

მისივე თქმით, გახარიას პარტიის პროგრამა ამბიციურ მიზანს ისახავს და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზეა ორიეტირებული.

„ჩვენი მთავარი მიზანია, უზრუნველვყოთ ისეთი ეკონომიკური სისტემის ფორმირება და ეკონომიკური რეფორმების ხელშეწყობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რაც ავტომატურად აუცილებელია, რომ შემდგომ მივიდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე.

ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ინვესტიციების ხელშეწყობა. გვაქვს კონკრეტული პაკეტი და შეთავაზება ინვესტორებისთვის რამდენიმე მიმართულებით. ეს შეეხება ერთი მხრივ, საგადასახადო შეღავათებს, რიგ შემთხვევაში - სუბსიდირებასაც კი, თუკი ინვესტორი შექმნის ახალ პროდუქციას, რომელიც იქნება ექსპორტზე ორიენტირებული. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმების ხელშესაწყობად და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ჩვენ გვაქვს დანერგილი პრინციპი - „ჯერ ქართული“, რაც გულისხმობს იმას, რომ ინვესტორი, რომელიც საქართველოში განახორციელებს ინვესტირებას და შესაბამისი ხარისხის უზრუნველყოფის შემთხვევაში, პირველ რიგში, ქართულ პროდუქციას გამოიყენებს, მიიღებს გარკვეულ ბენეფიტებს და ამგვარად მოხდება საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაც“, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა.

ამასთან, გიორგი აბაშიშვილი პარტიის ეკონომიკურ ხედვებს სიღარიბის და უმუშევრობის შემცირების ეფექტიან სტრატეგიად აფასებს. „ეს ავტომატურად გულისხმობს სწორედ იმას, რომ ჩვენ მნიშვნელოვანწილად შევამცირებთ უმუშევრობის და სიღარიბის მაჩვენებელს ქვეყანაში“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიის პროგრამის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.