მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯერ უნდა ვაღიაროთ, რომ ურემში ვართ“ - როგორია საქართველოს საინვესტიციო იმიჯი დღეს?

6483376c8b86c
თელარა გელანტია
09.06.23 22:00
792
იურიდიული ფირმა BLC-ს მმართველი პარტნიორის ქეთი ქვარცხავას შეფასებით, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისთვის და მეტი ახალი უცხოური ინვესტიციის მოსაზიდად, პირველ რიგში, არსებული პრობლემების აღიარებაა საჭირო. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზეც ისაუბრა.

- როგორია საქართველოს საინვესტიციო იმიჯი დღეს?

- თუ აზიის ქვეყნებს შევედრებით, ჩვენი საინვესტიციო იმიჯი არ არის დაქცეული... ყოველთვის, როცა დეპრესიაში ვვარდები ჩვენი კანონმდებლობის თუ სხვა მიზეზის გამო, სურვილი მიჩნდება, აზიაში წავიდე, რადგან იქიდან მობრუნებულს შვეიცარიაში მგონია თავი, მაგრამ რეალობას ხომ ობიექტური თვალით უნდა შევხედოთ?! მოკლედ, თუ ვამბობთ, რომ ჩვენი კონკურენტები არიან ცენტრალური აზიის ქვეყნები, ჩვენ არ ვართ ცუდ მდგომარეობაში, რადგან იქ თავისი პრობლემები აქვთ - ტოტალიტარული რეჟიმი, ტოტალური კორუფცია და სხვა რაღაცები, რაც იმ ქვეყნებს ახასიათებს და ხელს უშლის მათ კონკურენტუნარიანობას; მოკლედ, იმათთან შედარებით კარგად ვართ, მაგრამ როგორც კი კონკურენციაში შევდივართ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, მაშინ გვიჭირს...

ამდენად, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ოდესმე კონკურენციაში გვინდა შესვლა ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის მონტენეგრო, სლოვაკეთი, სლოვენია და ა.შ. ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს, რადგან იმათთან შედარებით არ ვართ კონკურენტული და ამ რეალობას გვერდს ვერ ავუვლით.

მაგალითად: თუ ადრე თავს ვიწონებდით შედარებით იაფი და თან განსწავლული სამუშაო ძალით, დღეს მუშა ხელი უკვე არც ისე იაფია და თან, როცა ჩვენ ვერ ვპოულობთ კადრებს, მეეჭვება, ინვესტორმა იპოვოს; რაც შეეხება გადასახადებს, რომელიც ადრე ჩვენი კონკურენტული უპირატესობა იყო, ახლა საგადასახადო წნეხი სხვებმაც შეამცირეს. თავს ვერც სასამართლო სისტემით მოვიწონებთ. პრობლემაა ინფრასტრუქტურის კომპონენტიც - 30 წელია თბილისიდან ბათუმამდე გზა ვერ გაგვიყვანია...

- რა უნდა გავაკეთოთ - რა გაზრდიდა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას და კონკურენტულ უპირატესობას?

- როდესაც ურმით დავდივართ, არ შეიძლება ვთქვათ, რომ „ფერარიში“ ვსხედვართ, ამიტომ პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ, რომ რაღაც პრობლემა გვაქვს; დღეს კი, ურემში ვართ და არ ვიმჩნევთ. პრობლემის აღიარების შემდეგ, უნდა გადავსხდეთ უკეთეს ტრანსპორტში და დავიწყოთ დანარჩენი საკითხების მოგვარება - სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, სადაც სრულიად წარმოუდგენელი რამე ხდება. ჩვენ ვამბობთ, რომ პრობლემა გვაქვს, მაგრამ სახელმწიფო გვარწმუნებს და მიგვითითებს მსოფლიო ბანკის რეიტინგებისკენ - კი, ნაურუსთან შედარებით წინ ვართ და გვიხარია... საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდისთვის გვჭირდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება - ეს ეხება როგორც საგზაო, ისე სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურას; მოსაწესრიგებელია ნებართვების და ადმინისტრირების საკითხები და ა.შ. ყველა ეს პრობლემა სახელმწიფომ ძალიან თანმიმდევრულად უნდა გადაწყვიტოს.