მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯერჯერობით ჩვენთვის ვაშლის ექსპორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის - „ტირიფონის ხილი“

60e70765b8b9f
ინგა მურუსიძე
08.07.21 21:41
831
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხითში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი „ტირიფონის ხილის“ სამაცივრე მეურნეობა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმო აღჭურვილია იტალიური და გერმანული წარმოების სამაცივრე დანადგარებით. საწარმოში 1,000 ტონა ხილის შენახვაა შესაძლებელი. სამაცივრე მეურნეობას გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში მიღებული აქვს 600,000 ლარის გრანტი, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 1,5 მლნ ლარს შეადგენს. ტექნიკური დახმარების პროგრამით, სამაცივრე მეურნეობაში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების ISO 22 000 დანერგვა მიმდინარეობს.

როგორც bm.ge-ს სამაცივრე მეურნეობის დამფუძნებელი, პროფესიით ექიმი, თბილისიდან გორში წასული ზურაბ გოჯიაშვილი უყვება, სამაცივრე მეურნეობის პროექტის განხორციელებისთვის ჯამური ინვესტიცია 2.3 მლნ ლარი იყო.

„პროექტზე მუშაობა 2019 წელს დავიწყეთ და 2020-ში უნდა გაგვეხსნა, თუმცა პანდემიამ შეგვიშალა ხელი და 10 ოქტომბრამდე მოვახერხეთ მაცივრის ექსპლუატაციაში გაშვება, თუმცა ეს იყო პირობითი გაშვება, რადგან სამშენებლო სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ გვქონდა. ამის მიუხედავად, 2020-ში მოგვიწია მაცივრის  ნახევრად დატვირთვა და 700 ტონა ხილი შევიტანეთ, მაშინ როდესაც სულ 1000 ტონაზეა გათვლილი. მიუხედავად იმისა, რომ აგრეგატები გვიან ჩავრთეთ და უკვე გადამწიფებული ხილი შევინახეთ, კარგი შედეგი გვქონდა, თუმცა წელს მეტის იმედი გვაქვს, რადგან დროულად შევინახავთ ხილს“, - ამბობს გოჯიაშვილი.

მისივე განმარტებით, „ტირიფონის ხილი“ ძირითადად თავისსავე მეურნეობაში, 31 ჰა მიწაზე მოყვანილ ვაშლს და მცირე რაოდენობით მსხალს ინახავს.

„გასულ წელს 1183 ტონა ხილი დავკრიფეთ და სხვისი ხილის შესანახი ადგილი არ გვაქვს, პირიქით, ჩვენ თვითონ ვიქნებით სხვისი კლიენტები, იმიტომ რომ ჩვენი მაცივარი მხოლოდ 1000 ტონა ხილს ინახავს და მოსავალს მეტს ველოდებით“, - განაცხადა გოჯიაშვილმა.

რაც შეეხება შენახული ხილის რეალიზაციას, მეწარმე ამბობს, რომ შენახული ხილის რეალიზება მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე ხდება, რადგან ჯერჯერობით გასატანი არც რაოდენობა მოდის და არც შესაბამისი ტექნოლოგია არსებობს, რომ ხილი ხარისხის მიხედვით დაასაწყობოს.

საექსპორტო პოტენციურ ბაზრად კი შუა აღმოსავლეთი და ინდოეთის ოკეანის ქვეყნები მიაჩნია, სადაც ვაშლი არ მოდის, მაგალითად პაკისტანი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში რუსეთი:

„ჩვენთვის ჯერჯერობით ექსპორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, რადგან საქართველო ნეტო იმპორტიორია. მაშინ, როცა საქართველოში ვაშლი აღარ არის, ქუჩის მოვაჭრეებიც კი იმპორტირებულ ვაშლს ყიდიან. ეს ნიშნავს, რომ ჯერ საექსპორტო რაოდენობა ჩვენს მეურნეობას არ აქვს“, - აღნიშნავს ფერმერი და დასძენს, რომ დარგს სახელმწიფო საკმაოდ ეხმარება, მათ შორის ტექნიკით.

სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხარდაჭერილია 50-მდე სამაცივრე და შემნახველი მეურნეობა; დაფინანსება, ჯამურად, 23.8 მლნ ლარს აღემატება.