მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯინო ველნეს რაბათი“ 2020 წელს არ გაიხსნება – სასტუმროს გენერალური მენეჯერი

5ef32a5d6d345
ვიქტორია მღებრიშვილი
24.06.20 23:00
1865
„ჯინო ჰოლდინგის“ სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათი“ 2020 წელს არ ამოქმედდება, - ამის შესახებ BM.GE-ის სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა თორნიკე მაისურაძემ განუცხადა. ის სასტუმროს 2021 წლის მარტამდე გაჩერების მიზეზად, უცხოელების მხრიდან ჯავშნების გაუქმებას ასახელებს და ამბობს, რომ „ჯინო ველნეს რაბათი“ ძირითადად უცხოელ ვიზიტორებს მასპინძლობდა.

„სამწუხაროდ „ჯინო ველნეს რაბათი“ 2020 წელს არ ამოქმედდება. მას შემდეგ რაც პანდემია დაიწყო ჯავშნები უცხოელი ვიზიტორების მხრიდან სრულად მოიხსნა და ზაფხულის განმავლობაში ჯავშნები არ გვაქვს. ზამთრის სეზონი კი ახალციხეში ტურისტულად არ იტვირთება, ამიტომ მოლოდინი არ გვაქვს რომ საზღვრების გახსნის შემდეგ ტურისტები ახალციხეში ზამთარში ჩამოვლენ.

ამასთან, უცხოელებმა ჯავშნები ან მოხსნეს, ან 2021 წლისთვის გადაგვივადეს და მიუხედავად იმისა რომ 1 ივლისიდან საქართველოში საზღვრების გახსნა დაანონსდა, უცხოელების მხრიდან ჩვენთან მოთხოვნა ჯავშნების გაკეთებაზე არ შემოსულა“, - განაცხადა თორნიკე მაისურაძემ.

„ჯინო ველნეს რაბათის“ გენერალური მენეჯერი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე მათი ამოქმედება მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ, რადგან მათ ადგილობრივები ან არ სტუმრობენ, ან მხოლოდ ერთი დღით ჩერდებიან.

„ჩვენი სასტუმრო რაბათის ციხის ტერიტორიაზე მდებარეობს და იმის მიუხედავად რომ რაბათის ციხე 15 ივნისიდან გაიხსნა, ადგილობრივი ტურისტების მცირეა. ვფიქრობთ, რომ შიდა ტურიზმის განვითარება უფრო მთისა და ზღვის მიმართულებით იქნება პერსპექტიული.

ჩვენ ძირითადად უცხოელ ტურისტებზე ვმუშაობდით, ამიტომ ადგილობრივი ბაზრის ათვისებაზე არ გვიფიქრია. მოგეხსენებათ ახალციხეში ადგილობრივი მოსახლეობა მაქსიმუმ 1 დღით გაჩერდეს, აქედან გამომდინარე ადგილობრივ ბაზარზე გააქტიურება არ გვიღირს, რადგან ასე ხარჯებსაც ვერ დავფარავთ და ვერც დასაქმებულებისთვის ანაზღაურების გადახდას შევძლებთ“, - განმარტავს სასტუმროს მმართველი.

მისივე თქმით, სასტუმროში 34 ადამიანი იყო დასაქმებული და ივლისიდან მათგან მხოლოდ ოთხს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი.

„ამ დროისთვის სასტუმროში მუშაობას 4 ადამიანი აგრძელებს, ხოლო 30 ადამიანი იძულებით შვებულებაშია. უნდა აღვნიშნო, რომ მარტიდან ივნისის ჩათვლით ჩვენი თანამშრომლები „ჯინო ჰოლდინგის“ გადაწყვეტილებით ხელფასებს იღებდნენ, ხოლო ივლისიდან მათ ხელფასს ვეღარ გადავუხდით“, - ამბობს ის.

ყველაფრის მიუხედავად „ჯინო ჰოლდინგი“ განვითარებას განაგრძობს. თორნიკე მაისურაძის თქმით, 2021 წლამდე არსებულ პერიოდს სასტუმროს განვითარებისთვის გამოიყენებენ და მომავალი წლის გაზაფხულზე განახლებული სახით მიიღებენ სტუმრებს.

„ვგეგმავთ, რომ სასტუმრო 2021 წლის მარტის ბოლოდან გავხსნათ. მანამდე კი ამ პერიოდს სასტუმროს ინტერიერის განახლებისთვის გამოვიყენებთ, რაზეც 100 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

განახლდება ინვენტარი, ინტერიერი, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სახანძრო სისტემები“, - უთხრა BM.GE-ს სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა.

ცნობისთვის, „ჯინო ჰოლდინგის“ 39 ნომრიანი სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათი“ ახალციხეში რაბათის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე 2013 წლიდან მოქმედებს და მის გასახსნელად კომპანიამ დაახლოებით 4 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა.