მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯინსის მწარმოებელი პირველი ქართული კომპანია - როგორ მოერგო TMGroup Laboratory პანდემიას?

5f316a71f1958
ვიქტორია მღებრიშვილი
11.08.20 09:40
2890
ჯინსის სამოსის მწარმოებელი ქართული კომპანია TMGroup Laboratory საქართველოს ბაზარზე 2018 წელს შემოვიდა. საწარმოს ამოქმედებისთვის საწყისი ინვესტიციის მოცულობა 300 000 დოლარს შეადგენდა.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიაში განმარტავენ, წარმოების ამოქმედება ქართულ ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე გადაწყვიტეს. კომპანიას ჯინსის სამოსის წარმოებისთვის საჭირო ჯინსის ქსოვილი იტალიიდან შემოაქვს, ხოლო შემდეგ თვითონ ამუშავებს კეკელიძის ქუჩაზე არსებულ საწარმოში. 

TMGroup Laboratory-ს მენეჯერი ინგა კოხოძე ამბობს, რომ 2018-2019 წლები კომპანიის ზრდის და განვითარების წლები იყო, როგორც შიდა ასევე საექსპორტო ბაზრებზე, თუმცა 2020 წელს პანდემიამ გავლენა იქონია ჯინსის პროდუქციის ადგილობრივ მწარმოებელზე და იძულებული გახადა, ახალი დღის წესრიგს მორგებოდა.

„გავაჩერეთ ჯინსის სამკერვალოს წარმოება საცალო თუ საბითუმო შეკვეთების მიმართულებით და 100%-ით პირბადეების წარმოებაზე გადავეწყეთ. მოვიპოვეთ ლუგარის ლაბორატორიის დასკვნა და ყველანაირი რეკომენდაციის დაცვით დავიწყეთ პირბადეების კერვა, (რასაც დღესაც ვაგრძელებთ). ამ დროული რეორგანიზაციით ყველა თანამშრომლის შენარჩუნება შევძელით”, - განაცხადა ინგა კოხოძემ.

მისი ინფორმაციით, კომპანია აპრილის თვეში თბილისში ბამბის რიგის ქუჩაზე ახლადგახსნილი მაღაზიის პრეზენტაციას გეგმავდა, რაც ქართულ ბაზარზე მათი ბრენდის ცნობადობას კიდევ უფრო გაზრდიდა, თუმცა: “საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ არსებული მაღაზიის დახურვა მოგვიხდა, ვინაიდან ეს მაღაზია მდებარეობდა ტურისტულ ზონაში, ხოლო დღეისთვის საზღვრები ჩაკეტილია, შესაბამისად ტურისტები, ანუ მომხმარებლებიც არ გვყვავს”, - აღნიშნა კომპანიის მენეჯერმა.

ჯინსის სამოსის წარმოებაში პროგნოზების გაკეთება უჭირთ, მაგრამ მიიჩნევენ, რომ 2020 წელს გაყიდვები ჯამურად 80%-ით შეუმცირდებათ.

“ვფიქრობთ, რომ 2020 წელს ზარალი არ გვექნება, თუმცა არ გვექნება არც მოგება. აქ საუბარია მხოლოდ კომპანიაში დასაქმებული ადამიანების სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - ამბობს კომპანიის მენეჯერი.

TMGroup Laboratory-ში მიიჩნევენ, რომ ისინი კიდევ უფრო უნდა მოერგონ არსებულ მდგომარეობას და სწორედ ამიტომ ჯინსის სამოსზე ფასების 15%-იან შემცირებას აანონსებენ.

ინგა კოხოძე ამბობს, რომ ამ პერიოდში კომპანია ონლაინ გაყიდვებს მიმართულებით გააქტიურდა.

„2020 წელს ონლაინ გაყიდვების კუთხით 50%-იან ზრდას ველით“, - უთხრა BM.GE-ის ჯინსის სამოსის მწარმოებელი კომპანიის მენეჯერმა.