14.იანვარი .2022 15:07

“ჯორჯიან ეარვეისის” რეაბილიტაციის გეგმა 2 თვის ვადაში უნდა მომზადდეს

“ჯორჯიან ეარვეისის” რეაბილიტაციის გეგმა 2 თვის ვადაში უნდა მომზადდეს
views 516
უკან

"ჯორჯიან ეარვეისს" ათობით სხვადასხვა კომპანიის მიმართ 175 მილიონ ლარზე მეტი ვალი აქვს - ამის შესახებ კომპანიაში გადახდისუუნარობა/რეაბილიტაციის პროცესის დაწყების შესახებ მიღებული განჩინებიდან ირკვევა. განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლომ გასული წლის 29 დეკემბერს მიიღო, ხოლო 31 დეკემბერს კი საჯარო რეესტრმა კომპანიაში გაკოტრება/რეაბილიტაციის პროცესის დაწყება დაარეგისტრირა.

“ჯორჯიან ეარვეისს” ამ პროცესში იურიდიულ დახმარებას კომპანია BLC უწევს, რომლის პარტნიორის, გია ბათლიძის განმარტებით, COVID-19-ის კრიზისიდან გამომდინარე, ავიაკომპანიას ვალდებულებების მომსახურება გაუჭირდა, ამის გამო ახალი კანონის შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა კომპანიის რეაბილიტაციის პროცესის დაწყება. ამასთან, ბათლიძე ამბობს, რომ ავიაკომპანიის ვალის სრული ოდენობა, კიდევ დაზუსტდება.

“ჯორჯიან ეარვეისს დაჭირდა გამოეყენებინა ახალი კანონით გათვალისწინებული პროცედურები, რომელიც ზუსტად ამიტომ არის შემუშავებული, რომ ფირმას დაეხმაროს რეაბილიტაციის განხორციელებაში. რეაბილიტაციის გეგმა მზადდება ახლა, პარალელურად, “ჯორჯიან ეარვეისის” საქმიანობა შეფერხებული არ არის, მგზავრების მიმართ ვალდებულებები სრულდება. ხდება ძველი ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია, რაც გეგმით უნდა მოხდეს, თავად ეს გეგმა მომზადების პოროცესშია.

კიდევ მოხდება ვალის დაზუსტება, თუმცა ძირითადი მოცულობა ამ დავალიანებების ასეთია. ვალების გასტუმრება რამდენ ხანში მოხდება, ეს დამოკიდებულია რეაბილიტაციის გეგმაზე, რომელზეც თავისმხრივ კომპანია მუშაობს, ასევე დამოკიდებულია რეაბილიტაციის პროცესის ზედამხედველზე, რომელიც სასამართლოს მიერ არის დანიშნული. სწორედ პროცესის ზედამხედველთან ერთად მოხდება ამ გეგმის წარდგენა კრედიტორებისთვის. დღეს იმის თქმა, თუ რა ვადაში მოხდება ამ დავალიანების გასტუმრება შეუძლებელია,” - ამბობს გია ბათლიძე.

საჯარო რეესტრის ვებგვერდზე “ჯორჯიან ეარვეისის” მიერ წარდგენილი განჩინებიდან ირკვევა, რომ "ჯორჯიან ეარვეისი" კომპანიისთვის მომგებიანი რეისების შესრულებას გააგრძელებს. საუბარია ფრენებზე შემდეგი მიმართულებებით: ამსტერდამი, თელ-ავივი და მინსკი, ასევე სეზონური რეისები სხვა ქალაქებში და ჩარტერები.

რა წერია “ჯორჯიან ეარვეისის” გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების განჩინებაში:

“გადახდისუუნარობის თაობაზე განაცხადის წარდგენისთვის მოვალის აქტივების საერთო ღირებულება უტოლდება 21,378,262 ლარს. ამავდროულად კომპანიის მიმდინარე ვალდებულებების საერთო ღირებულება აღწევს 175,854,075 ლარს. მოვალის ფინანსური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ რეაბილიტაციის რეჟიმის გარეშე უახლოეს მომავალში ვეღარ შეძლებს მოემსახუროს ვადამოსულ მოთხოვნებს. შესაბამისად, მოვალის გადახდისუუნარობის პირობებში გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყება კრედიტორთა ერთობლივი ინტერესის დაცვის აუცილებელი და სავალდებულოდ გამოსაყენებელი გზაა.

შპს “ჯორჯიან ეარვეისს” აქვს ვალდებულებები 70-ზე მეტ სააგენტოს, მიმწოდებლების და 16,168 მგზავრის წინაშე, რაც დასტურდება განაცხადზე დართული უწყისით.

განმცხადებელს აქვს რეაბილიტაციის მკაფიო ხედვა და მუშავდება რეაბილიტაციის გეგმა, რაც დაეფუძნება მოვალის საქმიანობის ისტორიული მაჩვენებლის გადამუშავებას და ანალიზს. რეაბილიტაციის ხედვა არსებული რეისებიდან შემოსავალს ეფუძნება, რომლებიც არსებული პანდემიის პირობებშიც კი უზრუნველყოფენ შემოსავლის გამომუშავებას. ცხადია პანდემიის გავლენის შესუსტების შემდეგ შესაძლებელია განხილულ იქნას ახალი მომგებიანი მიმართულებების და რეგულარული თუ არარეგულარული ჩარტერული რეისების დამატება, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოვალის შემოსავალს. მოვალის ძირითადი, მთელი წლის განმავლობაში მოგების მომტანი და ყველაზე უფრო სტაბილური მიმართულებებია: ამსტერდამი, თელ-ავივი და მინსკი. გამოთვლები მეტი სიზუსტისთვის სწორედ ამ ყველაზე სტაბილური რეისების მაჩვენებლებს დაეყრდნობა. ეს ოთხი რეისი საშუალოდ ყოველ წელიწადში 7,319,472 აშშ დოლარის ოპერატიულ მოგებას მოიტანს, დამატებით მოვალე შეასრულებს სეზონურ რეისებს რომლებსაც ისტორიულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით ყოველწლიური ოპერატიული მოგების 1,235,880 აშშ დოლარის მოტანა შეუძლია. ამ ოპერატიული მოგებიდან შესაძლებელი იქნება კრედიტორების ეტაპობრივი დაკმაყოფილება მოვალის ეკონომიკური გადარჩენის პარალელურად,” - ნათქვამია დოკუმენტში.

პარალელურად, განჩინებით განსაზღვრულია იმ კომპანიების ჩამონათვალიც, რომლებსაც ევალებათ “ჯორჯიან ეარვეისს” მიაწოდონ სერვისები, იმის მიუხედავად, რომ მათ მიმართ ავიაკომპანიას მნიშვნელოვანი ვალები აქვს. მათ შორისაა UK Aircraft Limited-ი, რომლისგანაც “ჯორჯიან ეარვეისმა” 2016 წლის 5 ივლისს ბოინგ 737-ის მარკის თვითმფრინავის ლიზინგის ხელშეკრულება გააფორმა. ასევე კომპანია გააგრძელებს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში საწვავის მიღებას, ანალოგიური ვალდებულება დაეკისრა Shell Nederland-საც, რომელიც ამსტერდამის აეროპორტში საწვავის ოპერატორია. მომსახურების მიწოდების გაგრძელება დაევალა შპს “ტავ ურბან ჯორჯიას”, “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” მინსკის და ამსტერდამის აეროპორტებს და სხვა კომპანიებს.

“ჯორჯიან ეარვეისის” 80%-იანი წილი ეკუთვნის ბიზნესმენ დავით გაიაშვილს, 20%-იანი წილი კი შპს "ჯორჯიან ეარ სერვისს", რომლის 90%-იანი წილიც ეთერ გაიაშვილს, 10%-იანი წილი კი სოფიო გვენცაძეს ეკუთვნის. ავიაკომპანიის დირექტორია დავით გაიაშვილი, ხოლო სასამართლოს განჩინებით, გადახდისუუნარობის/რეაბილიტაციის პროცესს ნატო პაპიაშვილი ზედამხედველობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა