19.სექტემბერი .2020 14:32

„ჯორჯიან მანგანეზი“ საერთაშორისო კამპანიას – „დავასუფთაოთ მსოფლიო“ შეუერთდა

views 199
უკან

„ჯორჯიან მანგანეზი“ საერთაშორისო კამპანიას - „დავასუფთაოთ მსოფლიო“ შეუერთდა. კომპანიის ჩართულობით, დასუფთავების აქციები ჭიათურის მუნიციპალიტეტში 8 ლოკაციაზე გაიმართა: აკაკი წერეთლის სახელობის დრამატული თეატრის, კაცხის სვეტის და სვერის მიმდებარე ტერიტორიებზე. ასევე, თაბაგრებისა და კოროხნალის ხეობაში, მემორიალთან, დარკვეთში და გედების მოედანზე.

დასუფთავების კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს „ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა, ქალაქის მერმა გივი მოდებაძემ, მეკლდეურთა ადგილობრივმა გუნდმა, სვერის სათავგადასავლო ბანაკის წევრებმა, ასევე, თეატრის, კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა და "ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულებმა.

დასუფთავების აქციები, შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, სხვადასხვა ტერიტორიაზე მცირე ჯგუფების მონაწილეობით ჩატარდა.

 



"დღევანდელ დღეს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი აღნიშნავს. "ჯორჯიან მანგანეზი" ყოველთვის მოხარულია ისეთ პროექტებს შეუერთდეს, რომელიც ეკოგარემოს დაცვას ემსახურება. ჩვენი კომპანიისთვის გარემოსდაცვითი პოლიტიკა პრიორიტეტული მიმართულებაა",- განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ დასუფთავების მსოფლიო კამპანია პირველად 1993 წელს აღინიშნა და ერთ-ერთ ყველაზე მასშატაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას წარმოადგენს, რომელშიც მილიონობით ადამიანია ჩართული. საერთაშორისო კამპანიას საქართველო აქტიურად 2010 წლიდან შეუერთდა.

2020 წლის დასუფთავების მსოფლიო კამპანიის გზავნილია: „ყოველი მცირე ქმედება სამყაროს განსხვავებულს ხდის“.

საქართველოში აღნიშნული კამპანიის ორგანიზატორები არიან: „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ და "საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ორქისი“.

 


(NS)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა