მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯორჯიან მანგანეზი“ სოფელ ითხვისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

6245a5a4c6c73
BM.GE
31.03.22 16:55
1341

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

"კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ აქტიურად არის ჩართული ჭიათურის მუნიციპალიტეტთან და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან ერთად სოფელ ითხვისში პრობლემის გამომწვევი მიზეზის შესწავლა, დადგენასა და მისი ეფექტურად გადაწყვეტის გზების ძიებაში.

კომპანია აღნიშნულ ტერიტორიაზე, კერძოდ, დასახლებულ პუნქტებზე წიაღისეულის მოპოვებით სამუშაოებს არ აწარმოებს, მიუხედავად ამისა, კომპანია აქტიურ კომუნიკაციაშია ყველა შესაბამის ორგანოსთან დახმარების ფორმისა და სახის შერჩევაში. „ჯორჯიან მანგანეზი“ ყოველთვის ძლიერი სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის პოლიტიკის ფარგლებში მოქმედებს და მხარში უდგას ადგილობრივ მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტს სოციალური პრობლემების გადაჭრაში.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ 2007 წლიდან ოპერირებს ჭიათურაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე კი, სადაც დღეს პრობლემა შეიქმნა, სხვადასხვა გეოლოგიური პროცესები ჯერ კიდევ 2000-იან წლებშიც განვითარდა. სწორედ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კომპიას საერთოდ არ უწარმოებია მადნის მოპოვებითი სამუშაოები. მოცემული პრობლემატიკა, შესაძლოა გამოწვეული იყოს, ძველი, 80-90 იან წლებში წიაღისეულის მოპოვებით სამუშაოებით, რასაც თან ახლდა სხვა გეოლოგიური პროცესები, რაც დამატებითი შესწავლის საგანია.
კომპანია დაინტერესებულია, სახელმწიფოს მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ გამოაქვეყნოს დასკვნა, თუ რამ გამოიწვია სოფელ ითხვისში მოსახლეობის დაზარალება, რომ დროულად მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა. ჩვენს ინტერესებშია, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი"-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 


ცნობისთვის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში მიწის მასა ჩამოიშალა და საცხოვრებელი სახლი ჩაიყოლა. გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს 12 ოჯახი. ჭიათურის მერია დაზარალებულ ოჯახებს დროებით ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფს.

(NS)