მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან მანგანეზის" პროექტი "ეკოლოგიკა" მიმდინარე წელსაც გაგრძელდება

5ecce8bc6d194
BM.GE
26.05.20 13:58
766
„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი ვასილ გველესიანი „ეკოლოგიკა 2019“-ის გამარჯვებულ სკოლებს ესტუმრნენ და ის ტერიტორიები დაათვალიერეს, სადაც ბავშვებმა პროექტის სარეკრეაციო ზონები უნდა შექმნან.

„ეკოლოგიკა 2019“ ზესტაფონსა და ჭიათურაში საკუთარი სკოლების ბაზაზე სარეკრეაციო ზონების შექმნას ემსახურებოდა. მიმდინარე წლის იანვარში პროექტში გამარჯვებულები გამოვლინდნენ, კერძოდ: I ადგილი - ჭიათურის #2 საჯარო სკოლამ, II ადგილი - ზესტაფონის #4 საჯარო სკოლამ და III ადგილი ჭიათურის კაცხის საჯარო სკოლებმა აიღეს. „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ დაფინანსებული საპრიზო ფონდი, ჯამში, 12 000 ლარს შეადგენდა, რომელიც ასე გადანაწილდა: I ადგილი - 5000 ლარი; II ადგილი - 4000 ლარი; III ადგილი - 3000 ლარი.

„ჯორჯიან მანგანეზი“ პროექტს „ეკოლოგიკა“ მიმდინარე წელსაც განახორციელებს, რომელიც შემოდგომაზე დაიწყება. „ეკოლოგიკის“ თემატიკა ყოველწლიურად იცვლება და თემების შერჩევა ამჯერად მოსწავლეებთან შეთანხმებით მოხდება.
„იანვარში კიდევ ერთი კარგი პროექტის ერთ-ერთი ეტაპი დასრულდა. აღნიშნულ პროექტს დადებითად ვაფასებთ და მოგვწონს, იმიტომ რომ პროექტში ბავშვები ჩაერთვნენ და ისინი მონდომებულები არიან. ვიმედოვნებთ, რომ, როგორც პროექტებშია მითითებული, ყველა დეტალი იმ მიმართულებით წარიმართება. მინდა აღვნიშნო, რომ „ეკოლოგიკა“ მიმდინარე წელსაც შეცვლილი ფორმატით აუცილებლად გაგრძელდება.

გვინდა, რომ ამჯერად იდეები მოზარდებმა მოგვაწოდონ, თავად შემოგვთავაზონ, რა გავაკეთოთ მომავალ წელს და რის შესახებ გამოცხადდეს კონკურსი. ჩვენი თხოვნაა, რომ შედეგი მივიღოთ ისეთი, რომელიც იქნება არა რომელიმე სკოლისთვის ან კონკრეტული ადგილისთვის შექმნილი, არამედ ისეთი, რაც რეგიონებს გამოადგება“,- აღნიშნა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

„მინდა მივესალმო პროექტს, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველის ინიციატივით განხორციელდა. მინდა აღფრთოვანება გამოვხატო პროექტ „ეკოლოგიკის“ მიმართ. აღფრთოვანებული ვარ ბავშვების მონდომებითა და სურვილით. „ეკოლოგიკა 2019“-ის მიმდინარეობისას წარმოდგენილი პროექტებიდან თითოეული მათგანის განხორციელება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. თუმცა, ყველა კონკურსს თავისი გამარჯვებული ჰყავს და მიხარია, რომ ერთ-ერთი გამარჯვებული, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა, ზესტაფონის მეოთხე საჯარო სკოლაა.

ვფიქრობ, მსგავსი კონკურსები სამომავლოდაც წაადგება როგორც ბავშვების შემეცნებით, ისე საზოგადოების წინსვლისა და განვითარების საქმეს“, - განაცხადა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა ვასილ გველესიანმა.
აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ ეკოლოგიური, სოციალური და საგანმანათლებლო პოლიტიკის განხორციელება პრიორიტეტული მიმართულებებია.