08.იანვარი .2020 13:57

„ჯორჯიან პროდაქტს რენესანსმა“ 30-მდე ქვეყანაში ექსპორტზე 900 ტონა თხილი გაიტანა

views 470
უკან

კომპანია „ჯორჯიან პროდაქტს რენესანს“-მა (GPR) 2019 წლის სეზონზე 900 ტონა გადამუშავებული თხილის ექსპორტი განახორციელა, რომლის ღირებულებამ ჯამში, დაახლოებით, 4 მლნ დოლარი შეადგინა.

ამის შესახებ BM.GE-ის ქართული თხილის ექსპორტიორი კომპანია „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ბოლქვაძემ განუცხადა.

თხილის მწარმოებლის შეფასებით, 2019 წელი 2018 წელთან შედარებით კარგი იყო. გამოსწორებული თხილის ხარისხისა და მსოფლიო ბაზარზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, კომპანიის საქმიანობაც წარმატებული იყო.

„2019 წლის სეზონი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ უკვე 900 ტონაზე მეტი თხილი გავიტანეთ საზღვარგარეთ, რაც დაახლოებით, 4 მლნ დოლარის ღირებულების იყო. ექსპორტს ვახორციელებთ თითქმის ყველა მიმართულებით და 2019 წელსაც საექსპორტო ბაზრების არეალი გაიზარდა და დაემატა ჩინეთის მიმართულებაც. სხვადასხვა სახეობის თხილი ევროპის ყველა ქვეყანაში, ჩრდილოეთ ამერიკისა და სამხრეთ ამერიკის, აზიის, აფრიკის ქვეყნებში და ახალ ზელანდიაში გაგვაქვს. ჯამში, 30-მდე ქვეყანაში ვახორციელებთ თხილის ექსპორტს. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული. ჩვენი პროდუქცია მოიცავს გარჩეული თხილის გულს, მოხალულ, გადამუშავებულ თხილს, დაქუცმაცებული და მოხალული თხილის ფქვილს, ასევე გაუტეხავი თხილი საკმაოდ კარგად გადის აზიის ქვეყნებში“, - ამბობს ლევან ბოლქვაძე.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა იმატებს ქართული თხილის პოპულარიზაციისთვის მარკეტინგული კამპანიების წარმოება აუცილებელია, განსაკუთრებით აზია-აფრიკის ქვეყნებში, სადაც  ქართული თხილის ცნობადობა დაბალია, განსხვავებით - ევროპისგან.

კომპანია „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი“ ქართული თხილის ექსპორტს 2015 წლიდან ახორციელებს. საწარმოს საწყისი საინვესტიციო ღირებულება 1 მლნ დოლარია. საწარმო მდებარეობს ხობში და სეზონურობის მიხედვით 80 ადამიანია დასაქმებული. 

„ჩართულები ვიყავით სახელმწიფოს თანადაფინანსების საგრანტო პროექტში 40/10/50-ზე. გადამამუშავებელი საწარმოს წარმადობა თვეში 300 ტონამდე მზა პროდუქციის წარმოებაა. თხილის გადამამუშავებელი საწარმო გვაქვს და თხილს ფერმერებისგან ვიბარებთ, საწარმოს სეზონზე 2 500 ტონა თხილის წარმოება შეუძლია, მაგრამ იქიდან გამოდინარე, რომ სეზონი სხვადსხვანაირია მინიმუმ 800 ტონა გადაგვიმუშავებია და გაგვიშვია მზა პროდუქციის სახით მაქსიმუმ 1 800 ტონა“, - უთხრა BM.GE-ის ლევან ბოლქვაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა