მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯორჯიის შტატში ბაიდენი დაწინაურდა, ის ტრამპს 917 ხმით უსწრებს

5fa517f65b2c0
შოთა ტყეშელაშვილი
06.11.20 14:00
1840
ჯორჯიის შტატში, რომელსაც თავდაპირველად დონალდ ტრამპი იგებდა, ჯო ბაიდენი დაწინაურდა. The Washington Post-ის თანახმად ამ დროისთვის დათვლილია ხმათა 98%-ზე მეტი. დარჩენილია ძირითადად იმ ხმების დათვლა, რომლებიც ალტანტასა და სხვა ოლქებში ფოსტის მეშვეობით გაიგზავნა.

არსებული მდგომარეობით ჯორჯიაში ხმები ასე ნაწილდება:

ჯო ბაიდენი - 2,449,371 ხმა.
დონალდ ტრამპი - 2,448,454 ხმა.

ქალაქ ანტლანტაში ბაიდენი დაახლოებით 65-70%-ის უპირატესობით სარგებლობდა, შესაბამისად დარჩენილ ხმებშიც მაღალი ალბათობით მისი მხარდაჭერა ტრამპის მხარდაჭერაზე მაღალი იქნება. თუკი ჯორჯიის შტატი ბაიდენმა მოიგო, ეს 1992 წელს ბილ კლინტონის არჩევის შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ჯორჯიამ პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს მისცა ხმა. 

ჯორჯიის შტატს აშშ-ის საარჩევნო კოლეგიაში 16 ხმა აქვს.

ტრამპსა და ბაიდენს შორის სხვაობა მცირდება პენსილვანიის შტატშიც, სადაც ამ დროისთვის ხმების 94% არის დათვლილი. ამჟამად პენსილვანიაში დონალდ ტრამპს 3,286,171 ხმა აქვს, ჯო ბაიდენს კი 3,267,942 ხმა, მათ შორის სხვაობა 18,229-ს შეადგენს.

ჯორჯიის მსგავსად, პენსილვანიაშიც ამჟამად ძირითადად ფოსტის მეშვეობით გაგზავნილ ხმებს ითვლიან, აღნიშნულ ხმებში კი პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი 80/20-ზე პროპორციით ლიდერობს. 

ამასთანავე, ხმების დათვლის პროცესი გრძელდება არიზონაში, ნევადასა და ჩრდილოეთ კაროლინაში. 

ხმების დათვლის პარალელურად, მიმდინარეობს სასამართლო პროცესებიც. დონალდ ტრამპის მტკიცებით, არჩევნებზე ადგილი აქვს გაყალბებას და კანონდარღვევებს, რასაც არჩევნების შედეგებზე პირდაპირი გავლენა აქვს. ის აპროტესტებს ფოსტით მიღებული ხმების ჩათვლას, რომელთა უმეტესობა ჯო ბაიდენისათვის არის მიცემული.

ტრამპი ამ ბრალდებების გამო გააკრიტიკეს როგორც დემოკრატიულ, ასევე რესპუბლიკურ პარტიაში.

ამ დროისთვის ელექტორალური ხმების უპირატესობა დემოკრატების კანდიდატ ჯო ბაიდენს აქვს - ის 253 ხმით ლიდერობს,  დონალდ ტრამპს კი 214 ელექტორალური ხმა აქვს.

საარჩევნო სისტემა:

აშშ-ში პრეზიდენტს პირდაპირი წესით არ ირჩევენ, ამისთვის შემდგარია 538 წევრისგან დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია, რომელშიც გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, ვინც ხმათა ნახევარზე მეტს ანუ მინიმუმ 270 ხმას მიიღებს.

საარჩევნო კოლეგია კომპლექტდება შტატების მიერ და მასში წევრთა განაწილება შტატების მოსახლეობასთან არის კავშირში. აშშ-ის ყველაზე მრავალრიცხოვანი შტატი კალიფორნიაა, მას კოლეგიაში 55 წარმომადგენელი ჰყავს, შედარებით მცირე ზომის შტატებს კი - ნაკლები; მაგალითად: აიდაჰო - 4, მონტანა - 3, სამხრეთ დაკოტა - 3.

სტატია თბილისის დროით 14:00-ზე არსებულ შედეგებს ასახავს.