მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯუდიტ სლაიტერი - მოვუწოდებთ ბრიტანულ ბიზნესს, ჩამოვიდნენ საქართველოში

5de6aa6b08595
BM.GE
03.12.19 23:51
1041
„საქართველოში კარგად არის განვითარებული ციფრული ეკონომიკა და ადვილია ბიზნესის კეთება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობის ეროვნული დეპარტამენტის სავაჭრო კომისარმა ჯუდიტ სლაიტერმა საქართველო-გაერთიანებული სამეფოს ბიზნეს ფორუმის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი ბიზნეს ფორუმი ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ბოლო თვეების განმავლობაში.

როგორც ჯუდიტ სლაიტერმა აღნიშნა, ფორუმი აერთიანებს გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს ბიზნესებს, რათა მათ კიდევ ერთხელ ნახონ, როგორ არის შესაძლებელი ერთად მუშაობა ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, რომელიც ისედაც ძალიან კარგად ვითარდება.

„საქართველოს მე-7 პოზიცია მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში“ აქ ჩამოსული ბიზნესებისთვის ძალიან მიმზიდველია. მათ სურთ ის კონკრეტული სარგებელი მიიღონ, რაც ამ გარემოებებს მოაქვს. უნდა ვთქვა, რომ ამავე რეიტინგში დიდი ბრიტანეთი საქართველოს ერთი პოზიციით ჩამორჩება და მერვე ადგილიზეა. ჩვენ ძალიან გვინდა დღევანდელი ფორუმი ახალი შესაძლებლობების მოსაძებნად და ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაზრდისთვის გამოვიყენოთ“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობის ეროვნული დეპარტამენტის სავაჭრო კომისარმა ჯუდიტ სლაიტერმა.

მისი თქმით, საქართველოში ბრიტანელი ბიზნესებისთვის მოხვედრა ძალიან ადვილია, რასაც თავის მხრივ ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები. ამასთან, ჯუდიტ სლაიტერის თქმით, საქართველო გამორჩეული ქვეყანაა თავისი სტუმართმოყვარეობით, ქართული ღვინითა და სამზარეულოთი.

„ჩვენ გვინდა, რომ აქ უფრო მეტი ბრიტანული ბიზნესი ჩამოვიდეს, მოიძიონ ადგილობრივი პარტნიორები და მეტი გაიგონ ადგილობრივ ბაზარზე. გარდა ამისა, საქართველოში ძალიან კარგად განვითარებული ციფრული ეკონომიკაა და ადვილია ბიზნესის კეთება. ასე რომ, ნამდვილად მოვუწოდებთ ბრიტანულ ბიზნესს, ჩამოვიდნენ საქართველოში, მიიღონ მეტი ინფორმაცია, ჩადონ აქ ინვესტიცია და აწარმოონ ბიზნესი“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობის ეროვნული დეპარტამენტის სავაჭრო კომისარმა ჯუდიტ სლაიტერმა.