მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კადრების დეფიციტი, მოუწესრიგებელი საპირფარეშოები"-CUB-ის მფლობელი გუდაურის გამოწვევებზე

5df23480f116e
ვიქტორია მღებრიშვილი
12.12.19 18:40
2008
საქართველოს ზამთრის კურორტებზე სეზონი, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ გახსნილა. მთის კურორტების განვითარების კომპანიაში ამბობენ, რომ სეზონის გახსნის თარიღი „თოვლის მოსვლაზეა“ დამოკიდებული, თუმცა სხვა მხრივ მზად არიან და უწყებებიც კოორდინირებულად მუშაობენ. შესაბამისი დავალება პროფილურმა სამინისტროებმა რამდენიმე დღის წინ პრემიერისგანაც მიიღეს.

Bm.ge დაინტერესდა, რას ფიქრობს თავად კერძო სექტორი. როგორც ირკვევა, ნომერ პირველი გამოწვევად კვლავ საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რჩება.

გუდაურში მოქმედი ლაუნჯ-რესტორნის CUB-ის თანადამფუძნებლის ნინო ხაჟომიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გუდაური სხვა სამთო კურორტებთან შედარებით მეტად განვითარებულია, საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კურორტზე წლების განმავლობაში უმთავრეს გამოწვევად რჩება.

„გამოწვევა ძალიან ბევრია; პირველ რიგში, ინფრასტრუქტურა; პირადად ჩემს შემთხვევაში, ყოველ დღე მიწევს წყლის ატანა, რაც ძალიან რთულია. ის ხელოვნური ტბა, რაც შენდება, იდეაში ალბათ მომავალი წლისთვის დამთავრდება და გაივსება წყლით და წყალიც გვექნება. ჩვენი რესტორანი მეორე საბაგიროს თავზე მდებარებოს და წყლის პრობლემა იქ გვაქვს; ყველდღიურად გვიწევს 5-ტონიანი ავზის შევსება საკუთარი ძალებით; როდესაც ადამიანი, შენს ჰობს აქცევ ბიზნესად, ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ ამ ბიზნესმა იმუშაოს“, - ამბობს ხაჟომია.

Bm.ge-ის კითხვაზე - რა სახის დახმარება ესაჭიროება კერძო ბიზნესს სახელმწიფოსგან, რესტორნის მეპატრონემ გვითხრა, რომ საკუთარი ძალებით ცდილობენ, გადაჭრან პრობლემები, რომელიც თავს იჩენს ან წლების განმავლობაში არსებობს.

„მთავრობამ მიხედოს თავის თავს და ჩვენ ჩვენი საქმე გვაკეთებინოს. ყველაზე მთავარი არის ის, რომ გუდაურში მოგვარდეს ინფრასტრუქტურული პრობლემები, რადგან რაც უფრო განვითარებული იქნება ინფრასტრუქტურა, მით უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა. მე და ჩემმა პარტნიორმა ჩვენი ინიციატივით, მთის კურორტებს ვაჩუქეთ უფასო ტუალეტი, იმიტომ რომ ელემენტარულად მთაზე ტუალეტი არ იყო. ძალიან სირცხვილია, როცა ტურისტს ზამთარში უწევს ლარიანის ძებნა ჯიბეში და მხვდება მანდილოსანი ჩამომჯდარი საპირფარეშოს კართან და ესეც იმიტომ, რომ არ არის წყალი და ვიღაცამ უნდა მოაწესრიგოს ეს საკითხი. მე და ჩემმა პარტნიორმა ეს ჩვენს თავზე ავიღეთ - მოწესრიგება და სისუფთავის უზრუნველყოფა და ერთადეთი უფასო ტუალეტი, რაც არის მთაზე, ჩვენ გავაკეთეთ.

სხვა ზამთრის კურორტებს რომ შევადაროთ, იგივე გოდერძი, იგივე მესტია, ბაკურიანში უფრო წინ მივდივართ, იმიტომ რომ ბაკურიანი 2023 წლისთვის ემზადება. გუდაურში ყველაზე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურაა, მაგრამ მე, როგორც ამ კურორტის გულშემატკივარს მინდა მაქსიმუმი, არა იმიტომ, რომ მე ვიყო კარგად, არამედ იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჰყავდეს კურორტს და რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი დასაქმდეს“, - ამბობს BM.GE-ისთან ნინო ხაჟომია.

გამოწვევებზე საუბრისას, მან ერთ-ერთ პრობლემად სამთო კურორტზე ადგილობრივი კადრების თემა გამოყო და თქვა, რომ ლაუნჯ-რესტორან CUB-მა ეს საკითხი თბილისიდან ჩაყვანილი კადრებით გადაჭრა.

„ადგილობრივი კადრების გადამზადება აუცილებელია. ამას ვითხოვ ძალიან დიდი ხანია. მე მთელი პერსონალი ამომყავს თბილისიდან. არა იმიტომ, რომ ასე მინდა, არამედ იმიტომ, რომ ადგილობრივი პროფესიონალი კადრი ვერ ვნახე და აუცილებლად უნდა იყოს პროფესიული სასწავლებლები იქ ადგილზე, რომ საკურორტო ზონაში ადამიანებს მიეცეთ საშუალება, გადამზადდნენ და აითვისონ პროფესიული უნარ-ჩვევები. მე დიდი ხნის წინ შევხვდი დიმიტრი ქუმსიშვილს, მისი ვიცე-პრემიერობის პერიოდში და ვუთხარი, რომ ამის პრობლემა არსებობდა. თუ გვინდა, რომ მთა არ დაიცალოს, უნდა მოხდეს ადგილობრივი კადრების გადამზადება, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ტურიზმია განვითარებული. გაცილებით მარტივი იქნებოდა ჩემთვის და მინდოდა, რომ ადგილობრივი კადრები დამესაქმებინა ჩემს ბიზნესში“, - ამბობს ნინო ხაჟომია.

რაც შეეხება გუდაურში სეზონის გახსნის თარიღს, CUB-ის თანადამფუძნებლის თქმით, თუ მოთოვს, სეზონი ოფიციალურად, სავარაუდოდ, 21 დეკემბერს გაიხსნება.

„ახლაც, გუდაურში ბევრი ხალხია, თუმცა საბაგიროები ჯერ არ მუშაობს. ამინდის პროგნოზის მიხედვით, ხვალ საღამოს მეტრზე მეტი უნდა ჩამოთოვოს, თუ პროგნოზმა გაამართლა 21-ში ოფიციალურად გაიხსნება სეზონი“, - თქვა ხაჟომიამ.

ცნობისთვის: CUBGudauri მცირე ზომის ლაუნჯ-რესტორანია, რომელიც 2018 წელს გაიხსნა. ნინო ხაჟომიას და მის პარტნიორ ბექა ბაქრაძეს ლაუნჯ-რესტორანში 6 ადამიანი ჰყავთ დასაქმებული. საწყისი ინვესტიციის მოცულობა 120 000 ლარი იყო.