22.მაისი .2020 17:25

კაირატ კელიმბეტოვი: ინვესტორები განვითარებად ბაზრებზე მიზნობრივი ინვესტიციებისთვის დაბრუნდებიან

views 639
უკან

პანდემიის შედეგად შექნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა ევროპისა და აზიის რეგიონის ქვეყნები სირთულეების წინაშე დააყენა. საერთაშორისო ფინანსური ცენტრის "ასტანას" (AIFC) მმართველი კაირატ კელიმბეტოვი Business Media Georgia-სთან ინტერვიუში იმაზე საუბრობს, როგორ დაიწყებენ აღდგენას რეგიონის ქვეყნების ეკონომიკები, როგორ შეუძლიათ ქართულ კომპანიებს ამ რთულ პერიოდში ინვესტიციების მოზიდვა, როგორ განვითარდება რეგიონალური ინფრასტრუქტურული პროექტები ინიციატივის "ერთი სარტყელი - ერთი გზას" ფარგლებში და ეკონომიკის რომელი სექტორები მიიღებენ სარგებელს კრიზისიდან.

- თქვენი შეფასებით, რა გავლენას იქონიებს მსოფლიო ეკონომიკაზე პანდემია და როგორ აისახება ეს გლობალურ ვაჭრობაზე?

- მდგომარეობის განვითარების განსხვავებული შეფასებები არსებობს. ჩვენ თვალს ვადევნებთ გლობალური ეკონომიკის განვითარების ტემპების უპრეცედენტო შემცირებას. ყველაზე ოპტიმისტურ შეფასებას, ალბათ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) იძლევა, რომლის თანახმად 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3%-ით შემცირდება, ხოლო 2021 წელს 5.8%-ით გაიზრდება, თუმცა ასეთ ოპტიმიზმს ეკონომისტების უმრავლესობა არ იზიარებს, რამდენადაც ნოემბერ-დეკემბერში კორონავირუსის განმეორებითი ტალღის ალბათობა დიდია.

ჩვენ ვხედავთ, რომ 40 წლის განმავლობაში პირველად, პანდემიის გამო, ჩინეთის ეკონომიკა ვერ შეძლებს შესამჩნევად გაზრდას; გერმანიის ეკონომიკას ბოლო 4 თვის განმავლობაში 2%-იანი კლება აქვს, გაცილებით რთული მდგომარეობაა საფრანგეთსა და იტალიაში. აშშ-შიც ეკონომიკური ზრდა კლების ტენდენციით ხასიათდება, უმუშევრობა კი ალბათ, რამდენჯერმე აღემატება მათთვის ნორმად მიჩნეულ მაჩვენებლებს.

მაგრამ არის მეორე მხარეც - ბოლო პერიოდში ჩინეთში ეკონომიკური პროცესები გააქტიურდა - ამოქმედდა საწარმოები და მთლიანობაში იქ აღდგენითი პროცესი მიმდინარეობს.

ვფიქრობ, ქვეყნების უმრავლესობისთვის პროტექციონიზმის ტენდენცია გააქტიურდება, რაც დღეს პირველ რიგში, პანდემიის გავრცელებისგან მოქალაქებიის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს ვაჭრობასა და პოლიტიკაზეც გავრცელდება. ასევე შენარჩუნდება მსოფლიო ეკონომიკის თვითმყოფად - მაკრორეგიონებად დაყოფის ტენდენცია და ესეც დეგლობალიზაციის შედეგია.

- თქვენი შეფასებით, როგორ აისახება არსებული მდგომარეობა მსოფლიო ფინანსებზე, პირველ რიგში რაზე გაიზრდება მოთხოვნა?

- უპირობოდ, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების სეგმენტს დიდი მომავალი ელის. იმის მიუხედავად, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მოქმედი ბანკების ნაწილი საკმაოდ კონსერვატიული იყო და ციფრულ რევოლუციას სკეპტიკურად უყურებდა, გაიზრდება საგადასახადო, ონლაინ-მომსახურების, ციფრული ბანკინგის სექტორები. კომერციული კომპანიები თავად შექმნიან საგადასახადო სისტემებს, ან დაიწყებენ იმ კომპანიების შეძენას, რომლებიც მსგავს მომსახურებას შესთავაზებენ. ბანკები სტარტაპებს, ტექნოლოგიების ან მათი პროდუქტების მიღების მიზნით, შეიძენენ.

დიდ მომავალს ვხედავ ახალი ფინანსური ტექნოლოგიების სეგმენტის განვითარებაში, ისეთი განვითარებადი კომპანიების მაგალითზე, როგორებიცაა Alibaba, ან თუნდაც Tencent თავისი სერვისით WeChat, რომელიც მომხმარებელს საბანკო გადახდების გარდა სხვა სახის გადახდების განხორციელების შესაძლებლობასაც აძლევს. ვფიქრობ, რომ მობილური აპლიკაციების მეშვეობით ნებისმიერი სახის გადასახადის გადახდაა შესაძლებელი - ეს ის მიმართულებაა, რომელიც უახლოეს მომავალში სწრაფი ტემპებით განვითარდება.

ამასთან მნიშვნელოვანია ის, რომ საგადასახადო სერვისები, თანმიმდევრულ ინტეგრაციას უნდა განიცდიდეს ყველა მიმართულებით. მაგალითად, პანდემიიდან გამომდინარე ჩვენთან - ყაზახეთში, სახელმწიფომ უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობის სუბსიდირება დაიწყო - დაახლოებით 4 მლნ ადამიანს 42 500 ტენგე, იგივე 90 დოლარი უნდა მიეღო. როდესაც დაიწყეს გადახდების განხორციელება, აღმოაჩინეს რომ სერვისების უმრავლესობა არ იყო ისეთი სწრაფი და მოქნილი, როგორიც უნდა ყოფილიყო საჭიროებიდან გამომდინარე. ცხადია, ასეთი ინტეგრაცია - როგორც სახელმწიფო სისტემებს შორის, ასევე კერძო კომპანიებს შორისაც აუცილებლობას წარმოადგენს.

- როგორ შეაფასებდით მსხვილი გლობალური ინვესტორების რეგიონისადმი ინტერესს? როგორ შეიცვალა ისინი კრიზისის დაწყების შემდეგ?

- ინვესტორების პირველი რეაქცია განვითარებადი ბაზრებიდან, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, გასვლა და უფრო "მშვიდ ნავსაყუდელში" დაბრუნება იყო, ანუ განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე. ეს ბუნებრივი პროცესია. აქ მთავარია გვახსოვდეს, რომ ასეთ "მიქცევებს" აუცილებლად "მოქცევები" მოსდევს: ინვესტორები დაბრუნდებიან განვითარებად ბაზრებზე, მაგრამ ეს იქნება მიზნობრივი მოქმედება კონკრეტულ რეგიონებთან და პროექტებთან მიმართებით.

ამიტომ, ახლა, ჩვენი უპირველესი ამოცანაა ინვესტიციების მიმართულებით ჩვენი კონკურენტუნარიანობის გაძლიერება; მიზნობრივად უნდა ვიმუშავოთ იმ ინვესტორებზე, რომელიც განვითარებად, სასაზღვრო ბაზრებზე არიან კონცენტრირებულნი, რამეთუ ეპიდემიოლოგიური კრიზისის პარალელურად, ახლა სხვა სახის საფრთხეებიც იჩენს თავს, როგორებიცაა საწარმოების ლიკვიდობის კრიზისი, საბანკო სექტორის ლიკვიდობის კრიზისი და ასევე ბიუჯეტის შესაძლო დეფიციტი. ქვეყნებსა და პროექტებს შორის ინვესტორების ყურადღების მიპყრობაში კონკურენცია მძაფრი იქნება.

- რა უნდა გააკეთონ ქვეყნებმა იმისთვის, რომ შეძლონ კონკურენციის გაწევა?

- უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნების კაპიტალის ბაზრები უნდა განვავითაროთ. აქ ლიკვიდობის ორი ნაკადი უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს: ადგილობრივი ინვესტორების ფინანსური რესურსები, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობაც მოიაზრება და ასევე გლობალური ინვესტიციების ნაკადები, რომლთა მოსაზიდად საჭირო გარემოების შექმნაა აუციელებელი. ჩვენ AIFC-ში, ასეთი პირობები პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, ახალი, რევოლუციური პლატფორმების დახმარებით შევქმენით - ინგლისური საერთო სამართლის იურისდიქცია, რომელიც საერთაშორისო ინვესტორთა უმრავლესობისთვის ნაცნობია. ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ დავეხმარებით რეგიონს ეფექტურად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც კრიზისიდან გამომდინარე შეიქმნება.

- რა როლს შეასრულებს დღეს საერთაშორისო ფინანსური ცენტრი "ასტანა" რეგიონალური ბიზნესებისა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის?

- ჩვენ AIFC-ში აქცენტს 5 მიმართულებაზე ვაკეთებთ: კაპიტალის ბაზრების განვითარება, კერძო პირების აქტივებისა და კეთილდღეობის მართვა, ფინტექი, ისლამური და მწვანე ფინანსები. საფინანსო კომპანიებს, რომლებიც ამ მიმართულებით ახორციელებენ თავის მომსახურებას, ჩვენს იურისდიქციაში დარეგისტრირების შესაძლებლობა აქვთ. ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც ინგლისური სამართლის ნორმებით მოქმდებს; გვაქვს თანამედროვე ბირჟა, გვყვავს ჩვენი მარეგულირებელი და FinTech Hub-ი, სადაც ახალგაზრდა სტარტაპებს მათი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების განვითარებაში ვეხმარებით. ამასთან, წევრებს შესაფერისი კადრების მოძიებაში ვეხმარებით - ჩვენთან ფუნქციონირებს უწყვეტი პროფესიული განვითარების ბიურო, რომელიც მსოფლიოში კადრების გადამზადების უმსხვილეს სერტიფიცირებულ კომპანიებთან მუშაობს, როგორებიცაა CFA, ACCА. ანუ ჩვენ შევქმენით ეკოსისტემა, რომელიც რეგიონში მოქმედ კომპანიებს ყველა მიმართულებით უჭერს მხარს. ამავე დროს, ვინაიდან ინგლისური სამათლის იურისდიქციით ვმუშაობთ, ჩვენი საქმიანობა ინვესტორებისთვის გასაგებია. ისინი სიამოვნებით არეგისტრირებენ თავის კომპანიებს, ახორციელებენ ტრანზაქციებს და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და ევრაზიულ კავშირში AIFC-დან მუშაობენ.

- როგორ შეაფასებთ ინიციატივა "ერთი სარტყელი - ერთი გზა"-ს ფარგლებში მიმდინარე პროექტების რეგიონალურ და კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში არსებულ პერსექტივებს?

- ჩვენმა ქვეყნებმა დიდი შრომა ჩადეს რეგიონების მჭიდრო დაკავშირებისთვის. ჩვენ გავაერთიანეთ რკინიგზა ჩინეთის საზღვრიდან, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს გავლით თურქეთისკენ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ე.წ. შუალედური გზა რეგიონებს რკინიგზით, საავტომობილო, საზღვაო გზებით, ნავთობ და გაზსადენებით აკავშირებს ერთმანეთთან. ეს სერიოზული ინფრასტრუქტურაა, რომელიც უკანასკნელ 20 წელიწადში აშენდა, ამიტომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ ამ მიმართულებამ მომავალშიც განაგრძოს განვითარება.

რა თქმა უნდა, თავად ჩინეთს მოუწევს გარკვეულ სირთულეებთან გამკლავება და ვფიქრობ, რომ უახლოეს 2-3 წელიწადში დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები დაკორექტირდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სახმელეთო გზების მიმართულება, რომელიც ჩინეთს ევროპულ პორტებთან აკავშირებს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის, ასევე ყაზახეთის, რუსეთის, დასავლეთ ევროპის მიმართულებით, განაგრძობს განვითარებას. ამის კარგი მაგალითი კი AIFC-ის ბირჟაზე ჩინეთის უმსხვილესი ბანკის - China Construction Bank განთავსება წარმოადგენს. ბანკმა 1 მლრდ იუანის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა და ეს რესურსები ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისკენ იქნება მიმართული. ვფიქრობ, რომ ასეთი განთავსებები კიდევ მრავლად იქნება.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ AIFC-სა და ქართულ კომპანიებს შორის შესაძლო თანამშრომლობის შესახებ? როგორ უნდა გამოიყენონ ქართულმა კომპანიებმა საერთაშორისო ფინანსური ცენტრ "ასტანას" პლატფორმა?

- დღეს ჩვენს ცენტრში დაახლოებით 460 კომპანიაა დარეგისტრირებული აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ევროკავშირიდან, ჩინეთიდან, ჰონგ-კონგიდან, სინგაპურიდან. ვფიქრობ, ქართული კომპანიებისთვის ამ ქვეყნების ინვესტორებთან შეხვედრა საინტერესო იქნება. ჩვენთან ძალიან ბევრი ფონდი და საინვესტიციო ბანკია დარეგისტრირებული, რომლებიც ორიენტირს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისკენ იღებენ. ეს არის Sova Capital-ი, რენესანს კაპიტალი, Wood&Co და რა თქმა უნდა, უმსხვილესი ჩინური ბანკები: ICBC-ი, CITIC Securities, CITIC Capital-ი. ამიტომ მგონია, ქართულ კომპანიებთან მუშაობა აქტიურად შეგვიძლია.

- როგორია AIFC-ის მუშაობის შედეგები და უახლოესი მომავლის გეგმები?

- პირველი მიღწევა, რა თქმა უნდა პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში - ინგლისური სამართლის იურისდიქციის ამოქმედებაა, რაც ქვეყანაში სიღრმისეული სტრუქტურული რეფორმების შედეგია, რომელიც პირველ რიგში, ეკონომიკის დივერსიფიკაციისკენ, კანონის უზენაესობისკენ და სახელმწფიო სამსახურების მოქმედების ხარისხის ამაღლებისკენ იყო მიმართული. ამისთვის კონსტიტუციაში შეტანილ იქნა ცვლილებები და ჩვენი სპეციალური ფინანსური ეკოსისტემის შიგნით მიღებულ იქნა 60-მდე სპეციალური კანონი. შეიქმნა ბირჟა, რომელზეც ფასიანი ქაღალდები განათავსეს, როგორც სახელმწიფომ კომპანიებმა, როგორებიცაა "კაზატომპრომი", ასევე კერძო - რუსული სამთომოპოვებითი საქმიანობით დაკავებულმა კომპანიამ "პოლიმეტალმა", ყაზახეთის უმსხვილესმა კერძო ბანკმა - "ჰალიკ-ბანკმა". შეიქმნა მარეგულირებელი, რომელიც საფინანსო სექტორის კომპანიების მხარდაჭერისკენ იყო მიმართული. ახლა ჩვენ უმსხვილესი ფინანსური ჰაბი ვართ, არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში სამუშაოდ, არამედ ინიციატივა "ერთი სარტყელი - ერთი გზა"-ს ფარგლებშიც.

ამ წლებში ჩვენ გაზომვად კომერციულ შედეგებსაც მივაღწიეთ: ჩვენი პლატფორმის გავლით მოზიდულ იქნა 220 მლნ დოლარის საპორტფელო ინვესტიცია, 2 მლრდ დოლარზე მეტი ობლიგაციების სახით და 150 მლნ დოლარამდე - პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გზით.

- რაც შეეხება თქვენს გეგმებს...?

- ჩვენს ქვეყნებს კრიზისიდან გამოსასვლელად 3 გზა აქვთ: პირველი - თვითკმარობის ან თვითიზოლაციის. განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ნაწილი პროტექციონიზმის გზას დაადგება; მეორე იმის მსგავსია, რაც ჩვენ 2008-2009 წლებში გამოვიარეთ: სახელმწიფო თავის კომპანიებს მხარდაჭერას აღმოუჩენს, მაგრამ შემდგომში ეკონომიკები ინერციით განვითარდებიან; მესამე - ჩვენი ეკონომიკების პოტენციალის სრულად გამოყენება, რაც აქტიური რეფორმების გატარებას, ქვეყანაში არსებული ყველა ფინანსური აქტივის ამოქნედებას და რა თქმა უნდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და საერთაშორისო ლიკვიდობის აქტიურად მოზიდვას გულისხმობს. საერთაშორისო ფინანსურ ცენტს "ასტანას" აი, ამ მესამე სცენარისთვის განხორციელებისთვის ყველა შესაძლებლობა გააჩნია. ჩვენი მიზანია, მოვიზიდოთ, რაც შეიძლება მეტი კომპანია, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყნის ინტერესებში იქნება.

ცნობისთვის, საერთაშორისო ფინანსური ცენტრ "ასტანას" იდეა ყაზახეთში 5 წლის წინ გაჟღერდა, ხოლო 2018 წლის ივლისში ცენტრი ყაზახეთში ცენტრმა ოფიციალურად გაიხსნა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა