მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაკი ზოიძე: არ შეიძლება, 24 დეკემბერს ეკონომიკა გაშლილი ზამბარის პრინციპით გაიხსნას

5fd769182ce9c
ელენე გოგბერაშვილი
14.12.20 23:40
1103
მთავრობის საკოორდინაციო საბჭო 28 ნოემბრიდან მოქმედი შემზღუდავი ღონისძიებების 24 დეკემბრიდან შემსუბუქების გადაწყვეტილებას, მიმდინარე კვირის ბოლოს მიიღებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეკონომიკის გახსნის გადაწყვეტილება მიმდინარე კვირას ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული. ამირან გამყრელიძემ დღეს ისიც თქვა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების შემცირება დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1,337 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ჯანდაცვის სპეციალისტები გადაწვეტილების მიმღებ პირებს მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ. აკაკი ზოიძე 24 დეკემბრიდან ბიზნესების ერთბაშად გახსნას ეწინააღმდეგება. ამასთან ამბობს, რომ გახსნის, პარალელურად, შესაძლებელია მთავრობამ დამატებით მარეგულირებელ ზომებს მიმართოს.

“არაფრით არ შეიძლება, რომ 24-25 დეკემბერს გაშლილი ზამბარის პრინციპით მოხდეს გახსნა. მნიშვნელოვანია გაკონტროლდეს ნაკადები და ამაზე უნდა იმსჯელოს, პირველ რიგში, საკოორდინაციო საბჭომ ან თანდათანობით მოხდეს ამ შეზღუდვების ახსნა ან იფიქრონ გარკვეული შეზღუდვების დატოვებაზე, რომ როგორმე თავიდან ავიცილოთ მოქალაქეთა სიკვდილი. ეს არის ამოცანა, სანამ მოსახლეობის დიდ რაოდენობას ექნება ხელმისაწვდომობა ვაქცინასთან.

შეიძლება ერთ დღეს გაიხსნას ტრანსპორტი, მერე სავაჭრო ობიექტები ან პირიქით. თანდათანობაში ვგულისხმობ, რომ ყველა შეზღუდვა ერთ დღეს არ მოიხსნას, რათა არ მოხდეს სავაჭრო მოლებში სასეირნოდ წასვლის მსურველთა დიდი ნაკადების მიწყდომა.

როგორ უნდა დავარეგულიროთ ეს, ბუნდოვნად მესახება, მაგრამ უნდა ვუთხრათ კენტ დღეებში გამოდით ან - ლუწ დღეებში. ზოგიერთ ქვეყანაში არმია დგას და ის არეგულირებს გადაადგილებას ტრანსპორტში, ქუჩებში და ა.შ. რაღაც ასეთი დამატებითი მარეგულირებელი ზომები იქნება გასათვალისწინებელი, რომ გაშლილი ზამბარის პრონციპით არ მოხდეს ნაკადების გააქტიურება. არ შეიძლება ყოველდღე გვქონდეს "შავი პარასკევი". ოპტიმალური გადაწყვეტილებაა მისაღები”, - აცხადებს აკაკი ზოიძე.

ფრთხილი გადაწყვეტილების მომხრეა საერთაშორისო ფონდ კურაციოს პრეზიდენტი გიორგი გოცაძე. მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან შესაბამისი გადაწყვეტილება რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.

„მე სიფრთხილის მხარეს ვარ. რეალურად უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას; ჯერ ძალიან ადრეა. დღევანდელი ინფიცირების დაბალი რიცხვი იმედის მომცემია, მაგრამ - არასაკმარისი, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ შაბათ-კვირას ტესტრირების მოცულობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე კვირის სხვა დღეებში - ეს ერთი. მეორე - სერიოზულად უნდა შევხედოთ როგორ მოხდება საავადმყოფოს სივრცის განტვირთვა, რადგან მცირე შემთხვევები დღეს არ ნიშნავს იმას, რომ საავადმყოფოში ბევრი ადგილი გათავისუფლდა. უნდა დავაკვირდეთ და უფრო ფრთხილად მივუდგეთ ამ საკითხს, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რადგან ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზეა საუბარი“, - აცხადებს გიორგი გოცაძე.

ყველა შეზღუდვა, რომელიც მთავრობამ დააწესა