04.ოქტომბერი .2021 09:20

ელექტროენერგიის შემდეგ, "ჭკვიანი მრიცხველების" დამონტაჟება ბუნებრივ აირზეც იგეგმება - სემეკი

ელექტროენერგიის შემდეგ, "ჭკვიანი მრიცხველების" დამონტაჟება ბუნებრივ აირზეც იგეგმება - სემეკი
views 910
უკან

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისის წევრის გიორგი ფანგანის ინფორმაციით, ელექტროენერგიის ნაწილში ე.წ. ჭკვიანი მრიცხველების მონტაჟის შემდეგ, ახალი ტიპის მრიცხველების დამონტაჟება მომავალში ბუნებრივ აირზეც იგეგმება.

საქმე ისაა, რომ პირველი ოქტომბრიდან ექსპლუატაციაში შესული ყველა ახალაშენებული, მრავალბინიანი კორპუსი ელექტროენერგიის ე.წ. ჭკვიანი მრიცხველით აღიჭურვება.

„სემეკის მიერ 30 სექტემბერს მიღებული ახალი დადგენილების მიხედვით, ჭკვიანი მრიცხველების დანერგვა ბუნებრივ აირშიც იგეგმება, თუმცა ეს ნებაყოფლობითი იქნება. განსხვავებით ელექტროენერგიის სექტორისგან, სადაც გამრიცხველიანება სავალდებულო იქნება, ის დეველოპერი, რომელიც "ჭკვიანი მრიცხველის" დაყენებას გადაწყვეტს, ამის გაკეთების შესაძლებლობა ექნება“, - განაცხადა BM.GE-თან საუბრისას გიორგი ფანგანმა.

სემეკის წევრი მრავალბინიანი საცხოვრებელი ბინების ელექტროენერგიის ახალი მრიცხველებით აღჭურვის პრიორიტეტებს განმარტავს და აცხადებს, რომ ჭკვიანი მრიცხველი ჩვეულებრივი მრიცხველია, რომელსაც ელექტროენერგიის ხარჯვის შესახებ ინფორმაციის გადაცემა დისტანციურად შეუძლია. გარდა ამისა, მრიცხველები ელექტროენერგიის შეზღუდვას, გათიშვას და გათიშვის შემდეგ ჩართვასაც უზრუნველყოფენ.

„ეს მრიცხველი, პრაქტიკულად, რამდენიმე ადამიანის ფუნქციას ითავსებს და მომავალში კომპანიებს საოპერაციო ხარჯების შემცირებაში დაეხმარება, რადგან ამ პროცედურებს რამდენიმე საათი სჭირდება, ჭკვიანი მრიცხველის მეშვეობით ეს წამებამდე დადის.

მომავალში ტარიფებზე ეს დადებითად აისახება. ასევე ჩვენთან ბაზრის ლიბერალიზაცია ხდება და ვიცით, რომ საქართველოში დღის და ღამეს შორის შეიძლება განსხვავებული ტარიფი გვქონდეს, რისი აღრიცხვის საშუალება ჩვეულებრივ მრიცხველებს არ აქვთ, ხოლო ჭკვიან მრიცხველებს შეუძლიათ, წამიერად გაზომონ, რომელ წუთს, რომელ საათში რა მოხმარება იყო. ამ აღრიცხვის გარეშე ახალ სისტემაზე გადასვლა უბრალოდ შეუძლებელია.

"ჭკვიანი მრიცხველების" დადებითი მხარე, ასევე ყველა დონის ქსელებთან თავსებადობაა, რითიც დისპეჩერებს სისტემის მართვა ძალიან უადვილდებათ, ზუსტად ხედავენ სად არის დაზიანება. კონკრეტულ ბინამდე შეიძლება დავიდნენ, რაც მომსახურების ხარისხსადა მიწოდების საიმედოობაზე დადებითად აისახება“, - განმარტა ფანგანმა.