მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე - მოიკითხეთ, ვისგან ფინანსდება არასამთავრობოები, რომლებიც ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან

5ce7d73fb86b9
BM.GE
24.05.19 15:35
4689
თბილისის მერი კახა კალაძე უარყოფს, რომ „ნენსკრა“ ჰესის ხელშეკრულება სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული, რამაც შესაძლოა, ელექტროენერგიის ტარიფი გაზარდოს.

როგორც კახა კალაძე აცხადებს, მსგავსი პროექტების განხორციელება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელია.

კახა კალაძემ ჟურნალისტებს ურჩია, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი მოიკვლიონ, რომლებიც „ნენსკრა“ ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

„კონკრეტული პროექტი ქვეყნის ენერგეტიკისთვის, ენერგეტიკული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია და მივესალმებით ასეთი პროექტების განხორციელებას. ეს არის რეგულირებადი ჰიდროელექტროსადგური. ამ პროექტის განხორციელებით ენგურჰესი, რომელიც ნენსკრას ქვემოთ არის, დაახლოებით 300 მლნ კვტ. სთ-ის გამომუშავება ემატება. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელებით ჩვენ, ასევე დეფიციტური ელექტროენერგიის გამომუშავების დროს ამასაც დავაბალანსებთ. იმდენი პრობლემა გვაქვს, მთლიანად ჩვენს ენერგოსისტემას როგორ ეყოფა ნანესკრა ჰესის ელექტროენერგია?! როდესაც საუბრობთ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ეწინააღმდეგებიან იმას, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოუკიდებელი ქვეყანა იყოს და არ იყოს დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე. ზოგადად, საინტერესოა ვისგან ფინანსდება ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, მოვიკითხოთ, კარგად ჩავეძიოთ „გაზპრომი“ ხომ არ არის მათი ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი?!“ - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა, ელექტროენერგიის ტარიფი შეიცვალოს, რადგან მასში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისას ინვესტიციების გათვალისწინება ხდება.

„როდსაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე, კონკრეტულად ელექტროენერგიაზე, ჩვენ ამის რესურსი გაგვაჩნია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს რესურსები რაციონალურად ავითვისოთ და არ ვიყოთ დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე. რაც შეეხება ტარიფებს, ყველა ახალი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც შენდება, ცხადია, ტარიფები იქნება მაღალი, ვიდრე ძველი ჰიდროელექტროსადგურების, რადგან ახლის მშენებლობისას ინვესტიციების გათვალისწინება ხდება ტარიფში.

„ნენსკრას“ რაც შეეხება ერთადერთი პროექტია, რომელიც გარკვეული წლების მერე სახელმწიფოს საკუთრებაში გადმოეცემა. 20 ან 25 წლის მერე, ზუსტად არ მახსოვს. რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ რისკების დაზღვევას, რეგულირებად სექტორში ეს ჩვეულებრივი მომენტია. ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია ყველა საერთაშორისო სტანდარტი. ეს პროექტი არ შეუფასებია მსოფლიო ბანკს როგორც არასწორი პროექტი. ჩვენ გვჭირდება ასეთი პროექტის განხორციელება იმისთვის, რომ მე, თქვენ, ჩვენი თანამოქალაქეები, არ ვიყოთ დამოკიდებული ელექტროენერგიის თვალსაზრისით მეზობელ ქვეყნებზე. ეს არ აისახება ტარიფზე, რადგან მარტო ამ კონკრეტული ჰიდროელექტროსადგურიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფს ხომ არ ვიხდით, გაჯერება ხდება, საშუალო ფასი დგება და ვიხდით საშუალო შეწონილ ფასს. ამ მიმართულებით პრობლემა არ არის“, - განაცხადა კალაძემ.

ipn.ge