21.ივნისი .2021 21:49

კალაძე ბიზნესსექტორს პანდემიისას მოქალაქეთა დახმარების აქციაში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის

კალაძე ბიზნესსექტორს პანდემიისას მოქალაქეთა დახმარების აქციაში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის
views 1065
უკან

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბიზნესსექტორისა და საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პანდემიის პირობებში დაწყებული მოქალაქეთა დახმარების აქციაში მონაწილეობდნენ, მადლობას უხდის.

„მინდა, ძალიან კარგი პროექტი გამოვყო, რომელიც ერთგვარი სოლიდარობის აქტი იყო. რთულ ვითარებაში შევქმენით სპეციალური პლატფორმა, სადაც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა, დახმარებოდნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად გაუჭირდათ. მინდა, ბიზნესსექტორის ყველა წარმომადგენელს და ფიზიკურ პირს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტში, მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა თბილისის მერმა თბილისის სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენისას.

გარდა ამისა, კალაძემ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მებრძოლ მედიკოსებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სოციალურ მიმართულებას დედაქალაქის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დაკლებია.

„უნდა გამოვყო პანდემია, რომელმაც სერიოზული პრობლემები შექმნა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. მინდა, საქართველოში დასაქმებულ ექიმებსა და ექთნებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ფრონტის წინა ხაზზეა, მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს უხილავი მტერი, რაც შეიძლება სწრაფად დავამარცხოთ. პანდემიის გამო, სწორედ ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებას ბიუჯეტის ნაწილში არცერთი თეთრი არ დაკლებია, რადგან თბილისის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება და გადადება მოგვიწია. დღეს სხვა პრიორიტეტები გაჩნდა, რადგან ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ყველაზე მთავარი ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოებაა. შესაბამისად, ამ მიმართულებით, ყველა პროექტი და პროგრამა გაგრძელდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა