11.მარტი .2020 20:20

კალაძე: პრევენციული ღონისძიებები გაგრძელდება მანამ, სანამ კორონავირუსს არ დავამარცხებთ

views 257
უკან

„უკვე რამდენიმე კვირაა მსოფლიო შიშის ქვეშ ცხოვრობს და ამ შიშს კორონავირუსი ჰქვია“, - ამის შესახებ კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც საქართველოა, თუმცა მინდა, დავამშვიდო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. იცით, რომ შექმნილია სპეციალური უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები არიან გაერთიანებული და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, მის თითოეულ თანამშრომელს. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მესაზღვრეებს, საპატრულო პოლიციას და ყველას, არ მინდა ვინმე გამომრჩეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა ასევე, მედიის წარმომადგენლებს გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვირუსთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირება მნიშვნელოვანია.

„მადლობა მინდა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, საკითხის გაშუქებისთვის, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოება იყოს ინფორმირებული, თუ როგორ უნდა მოიქცეს, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი. ძალიან ბევრია დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ჩვენზეც - რიგით ადამიანებზე. უნდა გამოვიჩინოთ უფრო მეტი სიფრთხილე. მინდა მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის სერვისცენტრების თანამშრომლებს, რომლებიც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას და ემსახურებიან საზოგადოებას. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლებს. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვატარებთ სადეზინფექციო სამუშაოებს და რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის ღონისძიებები გაგრძელდება მანამ, სანამ კორონავირუსს არ დავამარცხებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა