30.იანვარი .2020 18:10

კალაძე რიყის დოქებზე - თუ ვერ გაიყიდა, შეიძლება ჩვენ თვითონვე გავაკეთოთ

views 2217
უკან

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ სახელმწფო ვერ გაყიდის ე.წ. რიყის დოქებს, სახელმწიფომ უნდა გამოძებნოს თანხები და თავად დაასრულოს ეს პროექტი.

„ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ მდგომარეობაში ყოფნა რა მდგომარეობაშიც ახლაა დოქები - არ არის კარგი, ცუდია!

უნდა გამოიძებნოს დამატებითი თანხები, თუ ვერ მოხდება გასხვისება, შეიძლება გადაწვეტილება იქნეს მიღებული, რომ ჩვენ თვითონვე გავაკეთოთ“, - ამბობს კახა კალაძე.

თბილისის მერი აუქციონის წესით „რიყის დოქების“ გაყიდვას ეჭვქვეშ აყენებს, რადგან მისი თქმით, თბილისის მერიას არაერთხელ ჰქონია კომუნიკაცია ბიზნესთან ამ ტურისტულად აქტიურ ადგილას არსებული ობიექტის 1 ლარად გადაცემასთან დაკავშირებით, თუმცა კერძო სექტორს ინტერესი არ გამოუხატია.

„ჩვენ არაერთი მოლაპარაკება გვქონდა ინვესტორებთან, მზად ვიყავით, ერთ ლარად საინვესტიციო ვალდებულებებით გადაგვეცა მათთვის ეს ობიექტი, ოღონდ მოეწესრიგებინათ და ჩაეტარებინათ სარემონტო სამუშაოები, თუმცა არავინ დაინტერესდა. დღეს, ოფიციალურად არის გამოტანილი რომ გაიყიდოს, თუმცა არ ვიცი რამდენად რეალური იქნება და რამდენად გადაიხდიან ადამიანები 95 მლნ ლარს, მაშინ როდესაც დაახლოებით 20 მლნ-ის სამუშაოებია ჩასატარებელი, რომ მთლიანად მოწესრიგდეს, რემონტი ჩატარდეს და რაიმე კონკრეტული ფუნქცია მიენიჭოს“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, რიყის დოქების მშენებლობა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 75 მლნ ლარით დაფინანსდა და 7 წლის განმავლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა, უფუნქციოდ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა