მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე სენატორების წერილებზე: განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ არის რეალობას აცდენილი

5e32edee22eaa
ვიქტორია მღებრიშვილი
30.01.20 19:00
821
„როდესაც არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ მივისწრაფით რუსეთისკენ ნამდვილად სასაცილოა ეს ყველაფერი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს აშშ-ის სენატორების წერილების შეფასებისას განუცხადა.

კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სენატორებს აქვთ ცალმხრივი ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, რისთვისაც უწყებების მხრიდან აუცილებელია აქტიური კომუნიკაცია.

„აუცილებელია მუშაობა, იმიტომ რომ შინაარსობრივად რა განცხადებებსაც ვხედავთ არ შეესაბამება რეალობას, რაც გვაქვს. როდესაც არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ მივისწრაფით რუსეთისკენ - ნამდვილად სასაცილოა ეს ყველაფერი.

ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც 2012 წლის მერე გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება ევროპასთან, რომელმაც მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები დარბოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეს რეფორმები არ ყოფილიყო მიღებული, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა იმოგზაურონ ევროპის ქვეყნებში და ჩვენ ვაგრძელებთ ამ კურსს და რეფორმებს, კონკრეტული პროექტების განხორციელებას იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია.

ამ ადამიანებს გააჩნიათ ცალმხრივი ინფორმაციები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, საჭიროა კომუნიკაცია და ჩვენ აუცილებლად გვექნება ეს კომუნიკაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მან სენატორების წერილები ორ ნაწილად გაყო და „ფრონტერას“ მხარდამჭერი სენატორების წერილებზეც ისაუბრა.

„შეიძლება სენატორები ორ ნაწილად უნდა გავყოთ, ერთი ნაწილი არიან ადამიანები, რომლებიც საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია „ფრონტერას“ უწევს ლობირებას. ის განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ არის რეალობას აცდენილი და ნამდვილად მიუღებელია ეს ტონი, თქვენ იცით, რომ საქმე არის საერთაშორისო სასამართლოში არბიტრაჟში, სტოკჰოლმი მაქვს მხედველობაში. დაველოდოთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც იქნება მიღებული, ჩვენ გვაქვს საკმაოდ მყარი პოზიციები და ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს პოზიციას და გავიტანთ ჩვენს სიმართლეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.