11.დეკემბერი .2019 23:22

კალაძე: ტაქსის მძღოლები ავტომანქანებზე რეკლამის განთავსების გამო არ ჯარიმდებიან

views 576
უკან

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ტაქსის მძღოლები საკუთარ ავტომანქანებზე რეკლამის განთავსების გამო არ ჯარიმდებიან.

მისი თქმით, საპატრულო პოლიცია ჯარიმას წერს იმ შემთხვევაში, თუკი რეკლამა განთავსებულია ავტომანქანის იმ ნაწილზე, რომელიც რეგულაციაში გაწერილი არ არის ან ტაქსი მთლიანად შეფუთულია სხვადასხვა სახის რეკლამით.

„გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საპატრულო პოლიციამ დაიწყო დაჯარიმება ტაქსის მძღოლების, რომლებსაც საკუთარ ავტომობილებზე რეკლამა აქვთ განთავსებული. მინდა კიდევ ერთხელ დავაზუსტო და ხაზი გავუსვა იმას, თუ როგორია ტაქსების ვიზუალური სტანდარტი, რომელიც ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ იქნა შემუშავებული. A კატეგორიის ტაქსი უნდა იყოს თეთრი ფერის. მას აქვს რეკლამის განთავსების შესაძლებლობა, თუმცა გამოყოფილია კონკრეტული ადგილები ავტომობილზე, სადაც უნდა განთავსდეს რეკლამა.

როგორც ხდება ხოლმე, თავიდან ტაქსის მძღოლებს არ სჯეროდათ, ზოგს შეიძლება არ მოსწონდა ან არ ჰქონდა სურვილი, რომ მის ავტომანქანაზე რეკლამა განთავსებულიყო. არადა ვუხსნიდით, რომ ეს მათთვის შემოსავლის დამატებითი წყარო იქნება. დღეს რა მივიღეთ? - ქალაქში მოძრაობენ თეთრი ფერის ტაქსები, რომლებზეც ყველგან რეკლამაა გადაკრული. ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია და სცდება იმ ვიზუალურ სტანდარტს, რომელიც ჩვენ მიერ იქნა დამტკიცებული. შესაბამისად, საპატრულო პოლიციის მიერ სწორად იქნა ჯარიმები გამოწერილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ კიდევ ერთხელ განმარტოს ტაქსის ვიზუალური სტანდარტი და ტაქსის მძღოლებს მიაწოდოს ინფორმაცია, რა შემთხვევაში დაჯარიმდებიან.

„მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთხელ გააკეთოს განმარტებები ამასთან დაკავშირებით, მივაწოდოთ ტაქსის მძღოლებს ინფორმაცია. ჩვენ მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია ისედაც გვაქვს. ქალაქში გადაადგილდებიან ისეთი ტაქსები, რომლებიც თეთრი ფერისაა, მაგრამ ბამპერი აქვთ სხვა ფერის. ეს ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს. მე ვიცი, რომ მათ ამასთან დაკავშირებით sms-ები ყოველდღიურად ეგზავნებათ და თუ არ მოაწესრიგებენ, დაჯარიმდებიან.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რეკლამისთვის, რა თქმა უნდა, არავინ დაჯარიმდება, მაგრამ რეკლამის განსათავსებელი ადგილი პირდაპირ გაწერილია იმ რეგულაციებში, რომელიც შემუშავდა. მოცემულია კონკრეტული ადგილები, სადაც თქვენ შეგიძლიათ რეკლამა განათავსოთ და არასწორია ის, რომ ავტომობილი მთლიანად რეკლამებით შეფუთოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა