მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე: ხაზარაძემ აღარ იცის თავისი სავარაუდო დანაშაული - ფულის გათეთრება, როგორ გადაფაროს

5da701d42d881
თელარა გელანტია
16.10.19 15:38
1021
„მამუკა ხაზარაძემ აღარ იცის თავისი სავარაუდო დანაშაული - ფულის გათეთრება და შეუსრულებელი ვალდებულებები როგორ გადაფაროს. ეს მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივში ჯდება და ვიცით, როგორია მათი მიდგომები და დამოკიდებულება - დააბრალე სხვას, რასაც აფუჭებ შენ. ეს არის რეალობა“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ გუშინ tv “მთავარ არხზე“ პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით გაკეთებულ იმ განცხადებას, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა მას „პროგრეს ბანკის“ შეძენა სთხოვა, თუმცა ბანკის აუდიტორული შემოწმების შემდეგ ფულის გათეთრებაზე გაჩნდა ეჭვი.

„მთავარი არხის“ ეთერში მამუკა ხაზარაძემ გაიხსენა 2016 წელიც, როცა „თიბისი ბანკი“ „რესპუბლიკა ბანკის“ შეძენას გეგმავდა, მაგრამ მისი მტკიცებით, მაშინ ეროვნულმა ბანკმა ტრანზაქცია უმიზეზოდ შეაჩერა. ხაზარაძის თქმითვე, აღნიშნული საკითხი მან ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთი საუბრისას წამოჭრა, რა დროსაც ივანიშვილმა მას უთხრა, რომ თუ „პროგრეს ბანკსაც“ იყიდდა, იქნებ ეს საკითხიც გამოსულიყო.

შეგახსენებთ: კახა კალაძემ „პროგრეს ბანკი“ 2007 წელს დააფუძნა; 2013 წელს კალაძემ ბანკის საკონტროლო პაკეტი - 78% ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას გადასცა, რომლის უკანაც ბიზნესმენი ილია გავრილოვი იდგა, ბანკის 22%-ის მფლობელი კი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. 2016 წელს „პროგრეს ბანკის“ აქციების ნაწილი მამუკა ხაზარაძემ „ბანკ რესპუბლიკასთან“ ერთად იყიდა.

დღეს კი, კახა კალაძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ „პროგრეს ბანკის“ 22%-იანი წილის შეძენის მიზანი „მიხეილ სააკაშვილის რეჟიმისგან“ ბანკის გადარჩენა იყო.

„როდესაც მე მივიღე გადაწვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ორად ორი ბანკი იყო - „ქართუ“ და „პროგრეს ბანკი“, რომელსაც დაუწყეს ბრძოლა ყველანაირი მეთოდით, სცადეს გაკოტრება, დაიწყეს იმ ადამიანების დაშინება, რომელსაც ვემსახურებოდით ჩვენ კრედიტებით და ერთადერთი მოტივი, რისთვისაც ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი შეიძინა და რამდენიმე მილიონი გადაიხადა, იყო ბანკის გადარჩენა და ეს ასეც მოხერხდა. სხვა მას ბანკთან არანაირი შეხება არ ჰქონია. ახლა ჩვენ ვისმენთ ამ ბრალდებებს. მარტივად შემიძლია ვთქვა, „თიბისი ბანკის“ მმართველები ფულის გათეთრებაში არიან ბრალდებულები, ამ ლოგიკით რატომ უნდა მივუდგეთ სხვა აქციონერებს?! იგივე უნდა მოვთხოვოთ, მაგალითად, EBRD-ს და იგივე პრეტენზია უნდა იყოს მასთან?! სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ არანაირ გათეთრებებთან „პროგრეს ბანკს“ კავშირი არ ჰქონია. მეორე, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, ვთქვათ, რაღაც გადარიცხვები მართლაც განახორციელა ამ ბანკმა, რა შუაშია საერთოდ ბიძინა ივანიშვილი?!”, - აცხადებს კახა კალაძე.

რაც შეეხება „პროგრეს ბანკის“ ერთ-ერთ მეწილეს, ილია გავრილოვს, როგორც კახა კალაძე აცხადებს, მის წარსულ საქმიანობას არანაირი კითხვის ნიშნები არ გაუჩენია.