მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძემ კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ თარგის გამწვანებაში მიიღო მონაწილეობა

5df124306c9ca
BM.GE
11.12.19 22:23
839
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე, მეტროსადგურ "სამგორის" მიმდებარედ არსებული თარგი გაამწვანა. ღონისძიებაში თბილისის მერმა კახა კალაძემ და მერის მოადგილე მაია ბითაძემ მიიღეს მონაწილეობა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, კახეთის გზატკეცილზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. დარჩენილია დახაზვისა და ელექტროგადამცემი ხაზების მიწის ქვეშ ჩატანის სამუშაოები, განათების მიწყობა და გამწვანება.

„კახეთის გზატკეცილზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დამთავრებულია. მოძრაობა ყოველგვარი შეფერხების გარეშე არის აღდგენილი, ავტომობილები თავისუფლად გადაადგილდებიან. გარკვეული დისკომფორტი იყო რამდენიმე თვის განმავლობაში, რის გამოც მინდა კიდევ ერთხელ მოვუბოდიშო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს შეეხო, თუმცა, ეს ყველაფერი გამოწვეული იყო იმისთვის, რომ ასე ხარისხიანად მოწყობილი გზა.

დღეს გვაქვს გამწვანებითი სამუშაოების აქცია, სადაც ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული. მთლიანად მაგისტრალი იქნება გამწვანებული და გალამაზებული თავისი განათებებით.

დარჩენილ სამუშაოებს რაც შეეხება, ეს არის ცენტრალური მაგისტრალის დახაზვა, გარდა ამისა, განათების ძველი ბოძები მთლიანად მოიხსნება, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ იქნება ჩატანილი. გაზაფხულისთვის ეს ყველაფერი მთლიანად იქნება დასრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის სამ მეტრზე მაღალი ხეები დაირგო. გარდა ამისა, ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტის "ადამიანისა და მზის“ მიმდებარედ არსებული თარგების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ჯამში 2 000 ძირი, 3 მეტრზე მაღალი ხე, 800 ძირი ბუჩქი, 20 000 ძირი ტუია და 3 500 ძირი ბალახოვანი მცენარე დაირგვება.

გამწვანების პროცესში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, სამგორისა და ისნის რაიონების გამგებლები, „ეკოსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ნოზაძე და საკრებულოს დეპუტატები ბექა დავითულიანი და ირაკლი ზარქუა.