28.ნოემბერი .2019 16:15

კალაძის ანგარიში – ავტოპარკი 347 ავტობუსით განახლდა, რომლის რიცხვი წელს 453-ს მიაღწევს

views 249
უკან

თბილისის მერიის ორწლიანი მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშის თანახმად, ორი წლის განმავლობაში, დედაქალაქში არსებული ავტოპარკი 347 ავტობუსით განახლდა, რომლის რიცხვი წლის ბოლომდე 453-ს მიაღწევს.  
 

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ 2018 წლიდან კომპანია „სითი პარკის“ ნაცვლად, პარკირების ოპერატორის ფუნქცია შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ გადაეცა. კომპანიაში შეიქმნა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები და საწარმოო ბაზა. სრულად შეიცვალა ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების მართვის მოდელი, რისთვისაც შეიქმნა პარკირების პროცესის სამართავი ელექტრონული სისტემა - www.parking.tbilisi.gov.ge.

ქალაქის ცენტრალურ უბნებში ამოქმედდა და ეტაპობრივად ვრცელდება ზონალურ-საათობრივი პარკირების ახალი სისტემა. მისი მიზანია, პარკირების სისტემის სრულყოფა, ვიზიტორთათვის პარკინგის გამარტივება, ამავე ქუჩების მცხოვრებთათვის საპარკინგე ადგილებზე წვდომის გაუმჯობესება, პარკირების ზონებში სატრანსპორტო ნაკადების შემცირება. ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ეტაპობრივად ოთხ ქუჩაზე ამოქმედდა: კოტე აფხაზის ქუჩა, აბანოს ქუჩა, გრიშაშვილის ქუჩა და ორბელიანის მოედანი. ამასთან, თბილისის მერიამ ზონალური პარკირების მონაკვეთებში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე წვდომა გააუმჯობესა და MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები დანიშნა", – წერს მერია საკუთარ ანგარიშში. 

მათივე ცნობით, თბილისის მთავრობამ და საკრებულომ, ტაქსების სფეროს რეგულირებისთვის, ეტაპობრივი და კომფორტული წესები შეიმუშავეს. პირველ ეტაპზე, ტაქსის მფლობელებს მხოლოდ ნებართვის აღება, დოკუმენტის სალონში გაკვრა და ძარაზე ტაქსის ნიშნის განთავსება ევალებოდათ. რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა. ტაქსები A და B კატეგორიებად დაიყო. ასევე, რეფორმის პროცესში, თბილისის მერიამ ტაქსის მძღოლებს თეთრად გადაღებვის, ან ფირის გადაკვრის ვაუჩერები შესთავაზა.

"დღეისთვის უკვე გაცემულია A კატეგორიის 10 553, ხოლო B კატეგორიის 7 006 ნებართვა. A კატეგორიის ტაქსებზე გაიცა ერთიანი სტანდარტის მანათობელი ნიშნები წარწერით - "TAXI თბილისი". მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტი სამომავლოდ რეფორმის მესამე ეტაპზე მუშაობას იწყებს", – აღნიშნავენ მერიაში.

ამასთან, დედაქალაქის მთავრობაში განმარტავენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების პარალელურად, ეტაპობრივად მოხდება კერძო ტრანსპორტის მოხმარების შემცირება, რაც ქუჩებს საცობებისგან განტვირთავს და გამონაბოლქვით გამოწვეულ ეკოლოგიურ ფონს გააუმჯობესებს.

"დედაქალაქში ახალი პროექტი - საზიარო ავტომობილი (Car Sharing – aicar.ge) დაინერგა, რომელიც თბილისში ეკოლოგიურად სუფთად გადაადგილების შესაძლებლობას ქმნის.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ დედაქალაქის მერიამ ხელშეკრულება გააფორმა ფრანგულ კვლევით ორგანიზაცია „სისტრასთან“, რომელიც თითოეულ უბანსა და მგზავრზე ორიენტირებულ სატრანსპორტო სქემას მუნიციპალიტეტს უახლოეს მომავალში წარუდგენს. შესაძლებელი გახდება მეტროს, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტების ერთმანეთთან სინქრონიზაცია. პროექტის საერთო ღირებულება 790 ათასი ევროა, საიდანაც 490 ათასი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გრანტია, ხოლო - 300 ათასი მერიის დაფინანსება. „სისტრას“ რეკომენდაციითვე, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის „ჩქაროსნული“ დერეფნების მოწყობა მიმდინარეობს. ამჟამად, მუშავდება ჭავჭავაძის გამზირისა და ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების სატრანსპორტო სქემები. მოძრაობის ორგანიზების ახალი სქემები უკვე შედგენილია კანდელაკის, მელიქიშვილის და სარაჯიშვილის ქუჩებისთვის. რეაბილიტირებულ ყველა ქუჩაზე დასრულდა ავტობუსისა და ველოსიპედის ზოლების გაყვანა.

ასევე, ხორციელდება ახალი ავტობუსების შესყიდვისა და ე.წ. ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლების პროცესი. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ავტოპარკში 347 ახალი ავტობუსია: 143 ერთეული ახალი 12-მეტრიანი MAN-ის მარკის ავტობუსი (CNG); 74 ერთეული ახალი 10-მეტრიანი MAN-ის მარკის ავტობუსი (ევრო 6 ემისიის დიზელი); 130 ერთეული ახალი 8-მეტრიანი ISUZU-ს მარკის ავტობუსი (ევრო 6 ემისიის დიზელი); 2018-2019 წლებში თბილისის მერიამ შეიძინა 90 ერთეული MAN-ის მარკის 10-მეტრიანი და 220 ერთეული ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსი. ახალი ავტობუსების ნაწილი დედაქალაქის მოსახლეობას უკვე ემსახურება. დარჩენილი ნაწილის მოწოდება კი წლის ბოლომდე დასრულდება. შედეგად, თბილისის ავტოპარკში 453 ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტის ავტობუსი იქნება.

EBRD-ის დაფინანსებით, გამოცხადებულია ტენდერი თბილისისთვის 110 ერთეული 12-მეტრიანი გაზის (CNG) საწვავზე მომუშავე ავტობუსების შესყიდვაზე. ამავე ბანკის დაფინანსებით, მიმდინარეობს მუშაობა კიდევ 90 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად. მგზავრთნაკადის ზრდის გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი დამატებით 100 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად. უკვე გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად, 2020 წლის პერიოდში მთლიანად ჩანაცვლდება დედაქალაქში მოძრავი სხვადასხვა ტევადობის მოძველებული ავტობუსები და ავტობაზებში ჯამში, 753 ერთეული ახალი, ევროპული სტანდარტების თანამედროვე ავტობუსი იქნება. არსებული რესურსების მობილიზებით, თბილისის მერიამ 2018 წელს 10 ახალი მარშრუტის დამატება და 15 მარშრუტის დაგრძელება შეძლო. 2019 წელს კი გაიხსნა ორი ახალი და დაგრძელდა შვიდი მარშრუტი. ამასთანავე, ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში, ამოქმედდა „ღამის ავტობუსის“ საპილოტე პროექტი. მარშრუტი - „ახმეტელის თეატრი“ - „ვარკეთილი“.

რაც შეეხება თბილისის „მეტროპოლიტენს“, ორი წლის განმავლობაში, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაოები განახორციელა - კაპიტალურად შეკეთდა 35 ვაგონი; საშუალო შეკეთების სამუშაოები ჩაუტარდა რვა ვაგონს; მიმდინარეობს 11 ვაგონის საშუალო შეკეთება და მოწოდება; კაპიტალურად შეკეთდა 14 სადგურის ესკალატორი; კაპიტალურად შეკეთდა ექვსი სამეურნეო მატარებელი; შეიცვალა 3 670 შპალი და 10,500 მეტრი რელსი. ვაგონების რეაბილიტაციის შედეგად, ხაზებზე დაემატა მატარებლების რაოდენობა, რამაც "ახმეტელი-ვარკეთილის" ხაზზე, პიკის საათში შემადგენლობებს შორის ინტერვალი 2,5 წუთამდე, ხოლო საბურთალოს ხაზზე 3 წუთამდე შეამცირა.

იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მეტროს არსებულ ვაგონებს ექსპლუატაციის ვადა ეტაპობრივად ეწურება, დაგეგმილია 40 ახალი ვაგონი - 10 შემადგენლობის შესყიდვა. პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს. აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით და „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მხარდაჭერით კი დამონტაჟდება დაახლოებით, 450 კმ ძალოვანი კაბელი და 32 ახალი საგვირაბო გამნიავებელი. პროექტი, რომლის ბიუჯეტი 15,36 მლნ აშშ დოლარია, 2020 წლის ივნისში დასრულდება.

ამასთან, ავსტრიული კომპანია ILF-ის მეშვეობით, ჩატარდა მიწისზედა მეტროს, მესამე ხაზის, სამგორი-ლილოსა და სამგორი-აეროპორტი-რუსთავის მარშრუტების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, მიწისზედა მეტროს დეტალური პროექტირება და მშენებლობა დაიწყება", – ნათქვამია მერიის ანგარიშში.